საშინელი ავარია: ჯიპის ქვეშ მოყოლილი ქალი მანქანამ ერთ კილომეტრზე ათრია

ქვეითად მოსიარულე გოგონას სამი სხვადასხვა მანქანა შეეჯახა, ბოლო მანქანამ კი მსხვერპლი მისდაუნებურად ერთ კილომეტრზე ათრია. ეს საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოსკოვის ოლქის ქალაქ ლუბერეცში გუშინ, დაახლოებით 23.00 საათზე მოხდა.

გოგონა გზაზე გადადიოდა, როცა მას ერთ-ერთი ავტომობილი შეეჯახა. მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამის შემდეგ გზაზე დავარდნილი გოგონა BMW X5-ის მძღოლმა ვერ შეამჩნია, გადაუარა და რამდენიმე ათეულ მეტრზე ათრია. როცა მანქანის მძღოლმა ბორბლებქვეშ უცნაური ხმაური გაიგონა, გააჩერა, მანქანიდან გადმოვიდა და მსხვერპლის დახმარებას ცდილობდა, როცა გამვლელი მანქანა გოგონას ტანსაცმელს გამოედო, მიიკრა და კიდევ ერთ კილომეტრზე ათრია, - დაწვრილებით აღწერს მომხდარ შემთხვევას „ლაიფნიუს.რუ“.

ბოლო მანქანის ბორბლებში მოყოლილი ცხედარი გამვლელმა მანქანებმა შეამჩნიეს და მძღოლს ანიშნეს, გაჩერებულიყო. საბოლოო ჯამში, მანქანა ავარიის ადგილიდან ერთ კილომეტრში გააჩერეს. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, მანქანის მძღოლმა გონება დაკარგა.

ამ საზარელი შემთხვევის მსხვერპლი 38 წლის ლიდია კუზნეცოვა აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ბოლო მანქანის უკანა ხიდს იგი ფეხსაცმლით გამოედო და იმდენად მჭიდროდ მიეკრა, რომ მის დასაშორებლად შემთხვევის ადგილზე მაშველების გამოძახება გახდა საჭირო.

კომენტარი