სეპარატისტები შვილის მიერ შემთხვევით მოკლული დედის გადმოსვენების უფლებას არ იძლევიან

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ აფხაზური მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაცვლილი ინგა მელიას ზუგდიდში გადმოსვენების უფლებას არ იძლევიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საღამოს საათებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე 14 წლის ბიჭმა სანადირო თოფიდან შემთხვევითი გასროლით დედა მოკლა. შემთხვევა ოჩამჩირის რაიონში მოხდა. მოზარდმა კედლიდან თოფი ჩამოხსნა, და ხელში ათამაშებდა, შემთხვევით გასროლილი ტყვია კი დედამისს მოხვდა, რომელიც დასაძინებლად ემზადებოდა.

6 შვილის დედა, ინგა მელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამუშაოდ იყო წასული. მისი ნათესავები და შვილები ზუგდიდის რაიონში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ერთ-ერთ ობიექტში ცხოვრობენ.

ნათესავებმა უკვე შეატყობინეს ოჩამჩირისა და გალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ინგა მელიას ცხედრის ზუგდიდში გადასვენება სურთ, მაგრამ ამის ნებართვა ჯერ არ მიუღიათ. „ასე გვითხრეს, შეიძლება ვერ გაგატანოთ ცხედარი და აქ დაკრძალვაზე იფიქრეთო. მიზეზი რომ გვკითხეთ, გვიპასუხეს, რუსები არ გაგიშვებენო...“, - ამბობს ინგა მელიას ნათესავი.

კომენტარი