ნანახი მაქვს მტკიცებულება, როგორ გავრცელდა კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან - ტრამპის სკანდალური განცხადება

3 მილიონ 309 ათასი ინფიცირებული და 234 ათასზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო მონაცემები, საიდანაც ვირუსით ინფიცირებული მილიონ 95 ათასზე მეტი ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებშია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ჩინეთს კვლავ აკრიტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახური ვირუსის ხელოვნურად შექმნის თეორიას გამორიცხავს, დონალდ ტრამპის ვერსიით, კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა და ამისთვის ჩინეთს ხელი არ შეუშლია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა, შესაძლოა, ჩინეთს სანქციები დაუწესოს. ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჯანმოც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს, რადგან ის ჩინეთის საზოგადოებასთან ურთიერთობების სააგენტოსავით მოიქცა.

"ნანახი მაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ახლა ვიკვლევთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ჩვენ უნდა მივღოთ პასუხი. არსებობს რამდენიმე ვერსია და სწორედ ეს პასუხი განსაზღვრავს ჩემს დამოკიდებულებას ჩინეთისადმი. მე ჯერ ვერ ვიტყვი, თუ რა მაძლევს ჩინეთის დადანაშაულების საფუძველს, ამის თქმის უფლება ჯერ არ მაქვს"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამავე დროს, დამაიმედებელი პროგნოზები ისმის ამერიკელი სპეციალისტებისგან. ამერიკის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ვაქცინა იანვრისთვის უკვე მზად იყოს.

კომენტარი