მგონი, რომ გაივლის ეს დღეები, თქვენ ყველაზე მეტად ეკლესიურები გახდებით - მეუფე გრიგოლი ჟურნალისტებს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის განმარტებით, სააღდგომო მსახურება ღია ცის ქვეშ ჩატარდება.

მეუფე გრიგოლის თქმით, რეკომენდაციები უნდა იქნეს დაცული, თუმცა აბსოლუტურად დაცული არავინ არ არის ქვეყანაში.

"თუ დამიჯერებთ და ყურადღებით, მორჩილებით იქნებით, მე მგონი, რომ გაივლის ეს დღეები, თქვენ ყველაზე მეტად ეკლესიურები გახდებით, ამის დიდი შანსი გაქვთ. სხვა დროს კაცი ვერ მოგიყვანთ ტაძარში. არა ისე, ვირუსივით ჩუმად რომ შემოხვალთ, არამედ რწმენით, სიყვარულით და რა თქმა უნდა, თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი ეს იქნება ყველაზე კარგი.

დამერწმუნეთ ყველაფერი კარგად იქნება, მე რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ რამდენადაც სპეციალისტები რასაც ურჩევენ მოქალაქეებს, ეკლესიას, მე მგონი ყველაფერი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. რომ გითხრათ, შემოთავაზებული ნორმები არის აბსოლუტური საშუალება ვირუსისგან დაცვისა, რა თქმა უნდა, ეს მთლად ასე არ არის, მაგრამ ალბათ მინიმუმამდე დაჰყავს დაინფიცირების რისკი.

აბსოლუტური დაცული ამ ქვეყანაში არავინ არ არის. ამრიგად, ვეცადოთ შევასრულოთ ყველა ის წესი და რიგი მაქსიმალურად, თორემ მხოლოდ რაღაც ერთ ეპიზოდზე ღვთის მსახურებისა გამოკიდება, მაშინ როცა მანამდე მისვლამდეც არის საფრთხე დაინფიცირებისა, არ არის საჭირო.

სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან. ნებისმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას," - მიმართა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა პატრიარქი წირვას, მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, რომ ის შესაძლოა შეუძლოდ გრძნობს თავს ან გადაღლილია.

"ვერ გეტყვით, არის ხოლმე შემთხვევები როცა არ ესწრება პატრიარქი. ხან შეუძლოდ არის ადამიანი, ხან გადაღლილია. მეც მქონია ასეთი შემთხვევა, ნებისმიერს. ასე, რომ მე ვერ გეტყვით ამას. რატომ უნდა გაგიკვირდეთ პატრიარქი ვერ დაესწროს, იცით ყველამ მისი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს ახლა, ვიდრე მის ფიზიკურ მდგომარეობას ვიდრე შეეფერება," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარი