"მამას ბოლო სიტყვები იყო..." - ნოდარ ხადურის ქალიშვილის ემოციური პოსტი მამაზე

ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ნო­დარ ხა­დუ­რის ქალიშვილი სოციალურ ქსელში მამის შესახებ, ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას ჩვენი ტკივილის და უმძიმესი მდგომარეობის გაზიარებისთვის; თქვენ გვაძლიერებთ! მიყვარხართ და გაფასებთ თითოეულ თქვენგანს!

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ბანალური ფრაზა ზუსტად აღწერდა ჩემს სიტუაციას:)

Life is like a roller coaster. It has its ups and downs. But its your choice to scream or enjoy the ride.

მამას ბოლო სიტყვები თანამშრობლებისადმი იყო: “ყველაფერი წინ არის!” ალბათ იცოდა, მალე ამ სიტყვებს უნივერსალური გამოყენებაც ექნებოდა:) ეგეთი იყო მამაჩემი, ბევრი რამე წინასწარ იცოდა. იშვიათი პიროვნება იყო, რაღაც ისეთი ჰქონდა რასაც სხვებში ვერასდროს ვხედავდი. არასდროს ეზარებოდა ჩემთან საუბარი, თუნდაც უკვე ათასჯერ გვესაუბრა ერთსა და იმავე თემაზე; დეტალურად მახსოვს მასთან გატარებული თითოეული წუთი, ძირითადად საქმიანი განწყობით აღვსილები ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს. ბოლო ერთი წელია დიდი ინტერესით მივუდექი ეკონომიკას, როგორც თვითონ ეძახდა - “ოჯახის მეცნიერებას.” უხაროდა ამ გადაწყვეტილებამდე, რომ მივედი.

ოჯახზე გამახსენდა, მას “არჩეული ოჯახიც” ჰყავდა - უნივერსიტეტი, სტუდენტები და თავისი სფერო- მაკროეკონომიკა. შეეძლო საათობით ყოფილიყო “მაღლივის” შენობაში. ბოლო დროს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა; მაგისტრთა გამოცდებიც კი ჩაიბარა:)

ერთი სიტყვით, მაგარი კაცი იყო ნოდო! საუკეთესოთა შორის, საუკეთესო მამა! ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი იყო განათლებული, ცივილური და კეთილი პიროვნება ვყოფილიყავი, ამისთვის კი არაფერს იშურებდა! თვითონ კი სიკეთის და უშუალოების განსახიერება იყო; დადებითი თვისებებით დახუნძლული ბრძენი:)

საოცარი სიამაყის გრძნობით ვივსებოდი, როცა მის გვერდით ვიდექი; მეამაყებოდა და ახლაც მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფიზიკურად ჩემთან აღარაა, ის მაინც ჩემს გულშია, ჩემი სულის, აზროვნების, მენტალობის და ოდნავი მემარჯვენეობის ნაწილი" - წერს მარიამ ხადური.

კომენტარი