"გულწრფელი ადამიანი, ამდენ გულანთებულ ადამიანთან ერთად ფიცით თუ შეიკრა და უფლის სახელით ვიმოქმედეთ ქართველებო გადაჩებით" - ემზარ კვიციანი ვასაძის უკანონო „ლეგიონში“ ჩაეწერა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი ლევან ვასაძის უკანონო ფორმირების წევრი გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. კვიციანი ვასაძეს იდეასაც აწოდებს, რომ დაჯგუფების წევრებისთვის აუცილებილია ფიცის დადება.


„დიდება ღმერთს!!! მეგობრებო,გამარჯობათ!

გუშინდელმა კაცების აქციამ იმედის ნაპერწკალი კიდევ გაუჩინა ჩვენს ხალხს. ლევან ვასაძემ, რომელსაც სამწუხაროდ არ ვიცნობ ახლოს,იმედი გაგვიჩინა ქართველებს,თავის გამოსვლაში საქმიანად ჩამოაყალიბა ყველაფერი და საქმიანად დაასრულა.სათქმელს ბევრი ამბობს ლამაზად და ბოლოს ყველა მიდის სახლში პარ ამოშვებული,ბ-ნმა ლევანმა კი შედეგი უჩვენა,თავის თავზე აიღო პასუხისგებლობა ისეთი,რომელიც ჯერ თბილისში არავის არ აუღია. ამას ველოდით დიდი ხანია ქართველები და ბოლოსდა ბოლოს მივიღეთ უფლისგან კურთხევა. დიდება ღმერთს!!! ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი! ფიცი თუ არ დაიდო,ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია! ფიცი უნდა დავდოთ ყველამ და დადოს ბ-ნმა ლევანმა,როგორც მე დავდევი 1992 წლის 3 აგვისტოს და,როგორც მონადირის ყველა წევრმა შემომფიცა ერთგულება! ბოლომდე ერთმანეთის და სამშობლოს დაცვა! აი მერე ვერაფერი დაანგრევს ქართველთა ერთობას. საქართველო გადარჩება. სიმართლე გითხრათ სუსი ვიგრძენი,ვიგრძენი უცხო ქვეყნებში მოღვაწე მოღალატე ქართველთა ჩართულბა ,მაგრამ თვითონ ლევან ვასაძის იმედი მომეცა,რადგან გუშინ ის ძაან გულწრფელი მომეჩვენა. გულწრფელი ადამიანი ამდენ გულანთებულ ადამიანთან ერთად ,ფიცით თუ შეიკრა და უფლის სახელით ვიმოქმედეთ!ქართველებო გადაჩებით!ვიცი და გამოცდილი მაქვს,რომ სუსის მიერ შემოგზავნილი ჯაშუშები ფიცს აღუდგებიან წინ,მაგრამ ყველაფერი არის ლევან ვასაძეზე დამოკიდებული,თუ რამდენად თავისუფალია,თავისუფალია გარე ძალებისაგან, ესეიგი სუსისგანაც,რადგან სუსი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან იმართება,თუმცა მაქვს იმედი,რაღაც პროცენტი სუსის თანამშრომლებისა ეროვნულია!მე გუშინ ჩავეწერე სიაში,არ ვიცი რომელ ათეულში მოვხვდები,მაგრამ ვიცი,რომ ეს მე გულწრფელად მინდა!არგვეშინია 223 მუხლის,რომელიც ქართველთა დასამონებლადაა შექმნილი!უფლის სახელით "ერთი ყველათვის,ყველა ერთისთვის"! დიდება ღმერთს!!!”- დაწერა ემზარ კვიციანმა.

მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-მ აღნიშნულ ფორმირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ემზარ კვიციანმა მორიგი ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა:

„გაითვალისწინოს ყველა ოკუპანტმა,რომ ქართველს არ ეშინია დაჭერის, რადგან ციხეში უფრო ღირსებით დაიძინებს, ვიდრე ლაქია კაცუნა ხელისუფლების სასთუმალზე!!!“- დაწერა კვიციანმა.

კომენტარი