ნანა კოსტავას გამო, შესაძლოა, საკრებულოს თავმჯდომარემ ფრაქცია დატოვოს

ამ დრომდე უცნობია დატოვებს თუ არა ქუთაისის საკრებულოს ნანა კოსტავა. დეპუტატი არც სამსახურში გამოჩენილა და არც თანაგუნდელების სატელეფონო ზარებს პასუხობს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს კოსტავა, ამის შესახებ არ იცის არც საკრებულოს თავმჯდომარემ. ნიკა ლატარიას თქმით, მას კოსტავასთან არ უსაუბრია. იმ შემთხვევაში კი, თუ კოსტავა უარს იტყვის საკრებულოდან წასვლაზე, ლატარიას თქმით, იგი თავად დატოვებს იმ ფრაქციას, რომლის წევრიც ნანა კოსტავასთან ერთად არის.


"საკრებულოს არ აქვს ბერკეტი, რომ მას დაატოვებინოს მანდატი. მან უკვე დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი. ჩვენ ერთად ვიყავით ამ ფრაქციაში, მაგრამ მე ვთქვი რომ მასთან ერთად არ ვაპირებ საკრებულოში მუშაობას, შესაბამისად შეიკრიბება ფრაქცია და გადავწყვეტთ მე დავტოვებ თუ ის"-განაცხადა ლატარიამ.

ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტის სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წაწერით : "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე ". სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დაა, ვიდეოში კი ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

ნანა კოსტავას პოსტს საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოყვა. ორი დღის განმავლობაში ქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები კოსტავას საკრებულოდან წასვლას ითხოვდნენ.

კოსტავას ქმედება დაგმეს მისმა თანაგუნდელებმა. მას ერთდროულად დაატოვებინეს ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების " თავმჯდომარის პოსტი და გენდერული საბჭო.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ კი განაცხადა, რომ იგი კოსტავასთან ერთად საკრებულოში არ იმუშავებს. თავად ნანა კოსტავამ თავდაპირველად განაცხადა, რომ მან არ იცოდა თუ გარდაცვლილი გოგონა ბარკერის და იყო და მან ჟურნალისტის მიერ გადაღებული ვიდეო 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გააზიარა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს და თვლის, რომ ღმერთთან მართალია.

კომენტარი