ქუთაისში მდინარის ფსკერი მოაბეტონეს

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში, მდინარე ოღასკურა დროებით დააშრეს, ფსკერი კი მოაბეტონეს. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია.

"მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ჯებირების გამაგრება მესმის, მდინარის კალაპოტის გაწმენდა მესმის, მაგრამ მდინარის ფსკერის ბეტონით მოპირკეთება არა. აქ მთლაინად დაირღვევა ეკო-სისტემა. საავტომობილო გზა ან ველო- ბილიკი არ გეგონოთ. ეს მდინარე ოღასკურაა ქუთაისში, რომლის ფსკერი მოაბეტონეს,"- აცხადებს ქუთაისის "საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მდინარე „ოღასკურას“ კალაპოტის მოწყობა მონოლითური ბეტონით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, როგორც ჯებირების ასევე ფსკერის მოწყობას. შესაბამისად მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და არ მოხდება მოსახლეობის დატბორვა. ამასთან მომავალში მოგროვებული ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება რათა მოსახლეობა კიდევ ერთხელ არ დადგეს დატბორვის საშიშროების წინაშე.

"მდინარე ოღასკურა გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც უხვი ნალექის დროს ადიდებული მდინარე მთელ ქალაქს ტბორავდა და მოსახლეობას აზარალებდა. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მდინარის კალაპოტის მოწყობის პროექტი რათა აღნიშნული პრობლემა ქალაქში საბოლოოდ მოგვარდეს. სხვადასხვა დროს დაგროვებული სილისა და ნალექის გამო მდინარის კალაპოტი 3-4 მეტრამდე იყო შემცირებული, ახლა ის 7 მეტრამდე გაფართოვდა, რაც იმას ნიშნავს , რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამასთან, მდინარის კალაპოტში მოიჭრა ერთ მეტრამდე მიწა და გაიზარდა მისი სიმაღლე,”- აცხადებენ ქუთაისის მერიაში.


ფოტოს ავტორი: ქეთი ბერძენიშვილი

კომენტარი