საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსალოდნელ ძლიერ ქართან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსალოდნელ ძლიერ ქართან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს და რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები კონკრეტულ სიტუაციაში.

კერძოდ, უწყება მოქალაქეებს ურჩევს, ძლიერი ქარის დროს შენობის გარეთ ყოფნისას შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინონ: იპოვონ შენობა და შეაფარონ თავი; დაიცვან სხეულის მგრძნობიარე ნაწილი (სახე, კიდურები); დარეკონ 112-ში; შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ პანიკას ან დაელოდონ სამაშველო რაზმს.

დახურულ სივრცეში კი, უწყების რჩევაა, მოსახლეობამ შემდეგი რეკომენდაციებით იხელმძღვანელოს: მყარად დაამაგრონ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად; დახურონ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვან თავი დამტვრეული მინისგან; მიიღონ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ; მოქალაქეებმა იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებიან ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინონ ინსტრუქციებს ან დარეკონ 112-ში.

საქართველოში დღეს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 4–5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი.

აღმოსავლეთ საქართველოში ქარი დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იქროლებს: შიდა ქართლში, თბილისში და კახეთის ზოგიერთ რაიონში. კერძოდ, 9 მარტს საღამოსა და 10 მარტის ღამის საათებში შესაძლოა ქარის სიჩქარე 28–30 მეტრ წამამდე გაიზარდოს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 7–9 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში- –1+4; აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, კახეთის რეგიონში – 12–14 გრადუსი.

თბილისში წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც დღის მეორენახევრამდე გაგრძელდება. დღისით თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება.

კომენტარი