ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ავტობუსის მძღოლმა ცივი იარაღით სხვა მძღოლები დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარკეთილში ავტობუსის მძღოლების დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს ავტობუსში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა - 1960 წელს დაბადებულმა ი.ჩ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა თანმხლებ პირებს - ამავე ავტობუსის მძღოლებს: 1977 წელს დაბადებულ ა.ზ.-ს, 1965 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, 1967 წელს დაბადებულ ვ.ი.-ს და 1961 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ იგი ადგილზევე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა.

ინციდენტში მონაწილე ყველა მძღოლი იდენტიფიცირებულია. დაჭრილი პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარი