"ბიძინა ივანიშვილი შენს წონაში არ გამოდის საყვარელო და პირი გამოირეცხე“- ენძელა მაჭავარიანი ხატია დეკანოიძეს დაუპირისპირდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე მოვლენების განხილვას დაპირისპირება მოჰყვა პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ოპოზიციას დაუპირისპირდნენ.

კომიტეტის სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრებმა ზაზა გაბუნიას მიმართეს. მათი მოთხოვნა იყო, რომ კომიტეტზე ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ემსჯელათ. გაბუნიამ ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებების შემდეგ შესვენება გამოაცხადა. რის შემდეგაც კომიტეტის სხდომის დარბაზში ენძელა მაჭავარიანი ხატია დეკანოიძეს დაუპირისპირდა, კარლო კოპალიანი კი თინა ბოკუჩავას.

კოპალიანმა განაცხადა, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის 26 მაისის და სხვა აქციების დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდა.

თინა ბოკუჩავამ კი კოპალიანს ურჩია ,,ხელები ბიძინა ივანიშვილისთვის ებრახუნებინა".

ამის შემდეგ ენძელა მაჭავარიანმა დეკანოიძეს მიმართა და განაცხადა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრის უფლება არ აქვს.

,,თქვენი დრო დამთავრდა... ვიდრე იმათ ცემაზე თქვენ არ აგებთ პასუხს, მანამდე თქვენი გამოჩენა საზოგადოებაში იქნება პრობლემა, უნდა გრცხვენოდეთ“- მიმართა დეკანოიძეს მაჭავარიანმა.

რაზეც დეკანოიძემ მოკლე რეპლიკით უპასუხა და უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილთან წასულიყო. მაჭავარიანმა დეკანოიძეს ივანიშვილის ხსენებაც აუკრძალა.

,,ბიძინა ივანიშვილი შენს წონაში არ გამოდის საყვარელო და პირი გამოირეცხე“- უთხრა დეკანოიძეს მაჭავარიანმა.

კომენტარი