"აფხაზეთის პრეზიდენტის" არჩევნები (განახლებადი)

განახლებულია: 27.08.2011; 12.00სთ.

უკანასკნელი ინფორმაციით, აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ალექსანდრე ანქვაბი ლიდერობს. მან, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ხმების 51 პროცენტი მიიღო და მნიშვნელოვნად გაუსწრო თავის კონკურენტებს. ამ დროისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ ხმათა დაახლოებით 30 პროცენტი, ხოლო სერგეი შამბამ 18 პროცენტი მიიღეს.

ხმების დათვლა აფხაზეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. წინასწარი მონაცემების შესახებ ინფორმაცია, თავად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წუხელვე გაავრცელა. სწორედ ამის შემდეგ, რაულ ხაჯიმბა არჩევნების გაყალბებაზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ თავის მხარდამჭერებთან ერთად, ღამის განმავლობაში, ხმის დათვლის პროცესს გააკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ანქვაბის დიდი უპირატესობის შესახებ ცნობები სისტემატურად ვრცელდებოდა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტებს სთხოვა, წინასწარი დასკვნებისგან მაინც თავი შეეკავებინათ. ამჟამად, უკვე დაზუსტებით არის ცნობილი, რომ არჩევნების მეორე ტური საჭირო აღარ გახდება. სეპარატისტული „რესპუბლიკის“ არჩევნებში დაახლოებით 75 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

განახლებულია: 27.08.2011; 06:10სთ.

გვიან ღამით "აფხაზეთის პრეზიდენტობის" ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ შესაძლოა, არჩევნების შედეგები გაყალბებული იყოს. ხაჯიმბას თქმით, მის შტაბში ხმებს პარალელურად ითვლიან და ის საბოლოო პოზიციას მხოლოდ მას შემდეგ გაამჟღავნებს, რაც დათვლა დასრულდება. "დილით მონაცემებს დამიდებენ. მათ შევადარებ ოფიციალურ მონაცემებს და შემდეგ გადავწყვიტავ, რას ვიზამ", - თქვა ხაჯიმბამ.

თბილისის დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე რუსულმა მედიასაშუალებებმა, აფხაზეთის ე.წ. ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით, ანქვაბმა ხმების 51 პროცენტზე მეტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში მეორე ტური არ იქნება და "პრეზიდენტი" სწორედ ანქვაბი გახდა.

განახლებულია: 18.30სთ.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

როგორც შამბამ "არჩევნებში" ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას დღეს საზეიმო განწყობა აქვს.

"დღეს ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების დღეა. დილიდან მირეკავენ და მილოცავენ. თუმცა დღეს საპრეზიდენტო არჩევნებიც არის. საზეიმო განწყობა გაორმაგებულია", - განაცხადა შამბამ.

შამბა დარწმუნებულია, რომ 27 აგვისტოს "ბრძენი აფხაზი ხალხის" სადღეგრძელოს დალევს (ჯი–ეიჩ–ენი).

“დე-ფაქტო აფხაზეთში მიმდინარე არჩევნები და მისი შედეგები არასდროს იქნება ლეგიტიმური”-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეNნინო კალანდაძემ დღეს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აფხაზეთში მიმდინარე დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა.

კალანდაძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიიდან მოსახლეობის 3/4 ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია, რეგიონი ოკუპირებულია და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არა აქვს საშუალება განახორციელოს საკუთარი უფლება, ასეთი არჩევნები ვერასოდეს იქნება ლეგიტიმური და ვერ განსაზღვრავს აფხაზეთის მომავალს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს ჭეშმარიტება კარგადაა ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ამიტომ ქართული მხარე მოუწოდებს მას, პროცესს ადეკვატური შეფასება მისცეს და დაგმოს.

კალანდაძის განცხადებით, იმ პირებს კი, რომლებიც დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით ჩავიდნენ, უნდა ესმოდეთ, რომ მათ საქართველოს კანონი დაარღვიეს.

“მათი ნაწილი რუსეთის გავლენის ქვშ მოექცა, ნაწილი შეგნებულად წავიდა, ნაწილი კი სავრაუდოდ რეალურ ინფორმაციას არ ფლობდა,”-აღნიშნა მან და დასძინა, რომ ეს “დამკვირვებლები” არ არიან ოფიციალური პირები, თუმცა რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ისინი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია (ნიუსლაინ ჯი).

განახლებულია: 17:05სთ.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, "საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს საარჩევნო პროცესად არ აღიქვამს".

როგორც ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ შეიძლება, რაიმე სახის ლეგიტიმური არჩევნები ტარდებოდეს".

"ეს ტერიტორია ოკუპირებულია. რუსეთი მას სრულად აკონტროლებს და რაიმე სახის არჩევნებზე საუბარი ზედმეტია. ეს პოლიტიკური ფარსია. მეორეც - არჩევნები ვერასოდეს იქნება ლეგიტიმური იმ რეგიონში, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად ასიათასობით ადამიანი იქნა გამოდევნილი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ იგივე საზოგადოება აღდგება, რაც ადრე იყო, შეიძლება რაიმე სახის წარმომადგენლობით პროცესებზე საუბარი, მანამდე კი ყველაფერი არალეგიოტიმურია. საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა იმ სამი წევრისა, რომელიც რუსებთან ერთად ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს, აფხაზეთში მიმდინარე პროცესს საარჩევნო პროცესად არ აღიქვამს და ეს არის არა მხოლოდ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ სამართლებრივიც" - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

განახლებულია: 16:30სთ.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებისა და ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს . ამ შინაარსის განცხადებებს დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუა და დამკვირვებლები საინფორმაციო ცენტრში – "საპრეზიდენტო არჩევნები – 2011" დღის განმავლობაში გამართულ პრესკონფერენციებზე აცხადებენ.
ბათალ ტაბაღუას განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არანაირი საჩივარი არ შესულა და კომისიის წევრებს, რომლებიც რაიონებში არიან განაწილებულნი, საარჩევნო პროცესში დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. იგივე შინაარსის განცხადებებს აკეთებენ ადგილობრივი და რუსი დამკვირვებლები, ასევე სხვა ქვეყნებიდან ჩასული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტაბაღუას ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 48,78%-მა დააფიქსირა (ინტერპრესნიუსი).

განახლებულია: 14:35 სთ.

აფხაზეთში საარჩევნო უბნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩევლების 24,04% მივიდა. ამის შესახებ დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბათალ ტაბაღუამ საინფორმაციო ცენტრში – "საპრეზიდენტო არჩევნები – 2011" გამართულ პრესკონფეერნციაზე განაცხადა .
"არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, წინა არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა რა ნაწილი იყო მისული, მაგრამ დღეისთვის, 12:00 საათისთვის ამომრჩევლების 24,04%-ანი აქტივობა ძალიან მაღალი მაჩვენებელია", - განაცხადა ტაბაღუამ.
მისივე ინფორმაციით, მაღალია ამომრჩევლელთა აქტივობა გალის რაიონშიც .
ტაბაღუამ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა.
"რამდენიმე პრობლემის შესახებ იყო მხოლოდ ზეპირი შეტყობინებები და ეს პრობლემები მალევე აღმოიფხვრა", - აღნიშნა ტაბაღუამ.
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. კენჭს იყრიან მოქმედი დე ფაქტო პრემიერი სერგეი შამბა, პრეზიდეტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.(ინტერპრესნიუსი)

აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა საშტატო რეჟიმზეა გადასული. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" სამხრეთის სამხედრო ოკრუგის მეთაურის პრეს-სპიკერზე იგორ გორბულზე დაყრდნობით ავრცელებს."სამხედრო ბაზის ძირითადში შემადგენლობა საშტატო რეჟიმში მუშაობს. მიმდინარებს ჩვეულებრივი საბრძოლო მომზადებები. რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას დამატებით უსაფრთხოების ზომები მიღებული არ არის", - აღნიშნავს პრეს სპიკერი და აქვე დასძინა, რომ ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები "აფხაზეთის შიდა საქმეა".

აფხაზი სეპარატისტები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სიმცირის გამო უკმაყოფილოები არიან.

აფხაზი სეპარატისტები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სიმცირის გამო უკმაყოფილოები არიან. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, მათ "არჩევნებზე" დასასწრებად მოწვევა დსთ-ს წევრ ქვეყნებსა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნეს.

"ჩვენ ველოდებოდით უფრო მეტი რაოდენობით დამკვირვებლებს, რადგან პარლამენტმა დსთ-ს ყველა სახლელმწიფოს და ყველა საერთაშორისო ორგანიაზაციში გაგზავნა მოწვევა", - აღნიშნა ღვინჯიამ და დასძინა, რომ "არჩევნებს" მონიტორინგს 27 ქვეყნის 119 დამკვირვებელი უწევს. მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებში "არჩევნების" ორგანიზება მომხდარიყო, აუცილებელია ამ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობები ჰქონდეთ, როგორც ეს რუსეთის ფედერაციასთანაა (ჯი–ეიჩ–ენი).

განახლებულია: 26.08.2011; 14:08სთ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი სერგეი შამბა დღევანდელ "არჩევნებზე" რუსეთის მხარდაჭერას არ ელის.
"მე რუსეთის მხარდაჭერის იმედი არ მაქვს და ამას პრინციპში, მნიშვნელობაც არ აქვს, რადგან პრეზიდენტს აფხაზი ხალხი ირჩევს", - განაცხადა შამბამ. მისივე თქმით, "იმისთვის, რომ არჩევნების გაყალბებას არ ჰქონდეს ადგილი, იგი ხაჯიმბას შტაბთან ერთად ერთობლივ მოქმედებას გეგმავს, რომელსაც მსგავსი ეჭვი ასევე აქვს".

"ჩვენ ხალხის მოტყუების უფლებას არავის მივცემთ. აფხაზეთის ხელისუფლებაში ტყუილის გზით მოსვლა ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაული იქნება. 24 წელია, ამ საზოგადოების ინტერესების დასაცავად ვიბრძვით. ჩემი მისამართით ბევრი მუქარა ყოფილა, მაგრამ არასოდეს მიმიცია ვინმესთვის უფლება და მომავალშიც გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, რომ საზოგადოება მოტყუებული და გაყოფილი არ იყოს", - განაცხადა შამბამ.

ამავე დროს, შამბა იმედოვნებს, რომ "საქართველოსთან დიალოგის ჩიხში შესვლა მხოლოდ დროებითია".

"საქართველოსთან მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში მიმდინარეობს. სხვა ფორმატი ამჟამად არ გვაქვს. პრობლემა იმაშია, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღო, რომელიც დიალოგისთვის შესაძლებლობას ზღუდავს. ამ კანონში აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხი რაიმე სახის მოლაპარაკებების დაწყების პირობად არის დაფიქსირებული, ჩვენ კი თავს ოკუპირებულ ტერიტორიად არ ვთვლით", - განაცხადა შამბამ.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, "გამოდის, რომ საქართველოსთან სრული ჩიხია", შამბამ განაცხადა: "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დროებითი ჩიხია, რადგან ოდესმე ყველა შემთხვევაში მოვა სიტუაციის პრაგმატული, რეალისტური ხედვა და მაშინ დიალოგი შესაძლებელი იქნება, რადგან ჩვენ მეზობლებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას ვანიჭებთ უპორატესობას და საბოლოოდ გვსურს, მეგობრული ურთიერთობების დავამყაროთ".

განახლებულია: 16.08.2011; 13:35სთ.

აფხაზ სეპარატისტთა ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს, პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი, პაატა დავითაია არალეგიტიმურად მიიჩნევს და აფხაზ ლიდერებს, საქართველოსთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

დე-ფაქტო აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პაატა დავითაიამ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, ის რაც დღეს აფხაზეთში ხდება, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და იმის მცდელობაა, რომ ხელისუფლების მითვისება დანაშაულებრივი გზით მოხდეს.

დავითაიას თქმით, ე.წ. არჩევნები არალეგიტიმიურია და ის ვერცერთ საერთაშორისო ნორმას ვერ აკმაყოფილებს. „ვხედავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი კრიმინალები ძალაუფლებას ითვისებენ. აფხაზები სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან. მათი ერთადერთი გამოსავალია, საქართველოს შემადგენლობას დაუბრუნდნენ. აფხაზების, როგორც ეთნოსის თვითმყოფადობა იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ ისინი საქართველოსთან თანაცხოვრებას დაიწყებენ”, - განაცხადა დავითაიამ.

ოპოზიციონერმა სეპარატისტთა ლიდერის, სერგეი ბაღაფშის მოულოდნელ გარდაცვალებაზეც გააკეთა კომენატრი. დავითაიას ინფორმაციით, ბაღაფში იმ რუსული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ იქნა მოკლული, რომლებმაც აფხაზეთში მიწები ვერ დაიკანონეს.

მისი თქმით, ბაღაფშის მოკვლის შესახებ ინფორმაცია ბაღაფშის ოჯახიდან არის გამოსული. „წინა ე.წ პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში მოკლულია. რა თქმა უნდა, ამ რუსულ დაჯგუფებებს კრემლი მფარველობს. კრემლის დაკვეთით იქნა მოკლული სერგეი ბაღაფში და ეს მოელის იმას, ვინც რუსეთის დაკვეთას მიწების დამტკიცებასთან დაკავშირებით არ შეასრულებს. ანქვაბი და შამბა ამბობენ, რომ მიწებს უცხოელები მიყიდიან. ეს უკვე საგანგაშო განცხადებაა. გახსოვთ, რომ მიწა ზატულინმაც კი ვერ გადაიფორმა”, - აღნიშნა დავითაიამ და ე.წ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს ურჩია, ბაღაფშის ბედს ნუ გაიზიარებენ.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, ე.წ. არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, საკუთარი ერის გადასარჩენად საქართველოსთან დიალოგის დაწყებაზე უნდა იფიქროს. „აფხაზი ერი რომ არ გაწყდეს, ერთადერთი გამოსავალია ჩვენთან დიალოგი. მზად ვართ, თანაცხოვრებისთვის და მათთვის ყველა პირობის შესაქმნელად. აფხაზთა ყველა ლიდერს მოვუწოდებ, გონს დროულად მოეგონ, რომ თავიანთი ერი გადაარჩინონ და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ” - განაცხადა დავითაიამ (presa.ge).

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

35 საარჩევნო ოლქში 172 საარჩევნო უბანი დღეს, 08:00 საათზე გაიხსნა.

აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, "რესპუბლიკაში" სულ 143 735 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასეულობით დამკვირვებელი დააკვირდება. დამკვირვებელთა უმრავლესობა არაღიარებული "ქვეყნებიდანაა". ერთი სარჩევნო უბანი მოსკოვში და ერთიც ჩერქეზეთშია გახსნილი.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი - დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, დე ფაქტო პრემიერი სერგეი შამბა და ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა მონაწილეობენ ("პირველი")

კომენტარი