„მე მეგონა, რომ უბრალოდ გავცივდი, საბოლოო ჯამში კი ხელები და ფეხები მომკვეთეს“

როდესაც 46 წლის კრის ჰარლიკმა უელსიდან თავი შეუძლოდ იგრძნო, იფიქრა, რომ უბრალოდ სადღაც გაცივდა, თუმცა მეორე დღეს თავი კიდევ უფრო უარესად იგრძნო, ხოლო ექიმთან მისვლისას უკვე სიკვდილის პირას იყო. მედიკოსებმა მისი სიცოცხლე გადაარჩინეს, თუმცა იძულებულები გახდნენ ხელებიც და ფეხებიც მოეკვეთათ მომაკვდავისთვის:

„მე არ შემეძლო სიარული, საწოლიდან ვერ ვდგებოდი, თავის აუტანელი ტკივილი კი სიკვდილის სურვილს მიჩენდა. სხვა აღარაფერი მახსოვს“ - აღნიშნა სამი შვილის მამამ.

საავადმყოფოში გადაყვანილ კრისს ექიმებმა მენინგოკოკური ბაქტერია აღმოუჩინეს, რომელმაც შინაგანი ორგანოების დაზიანების რისკი გამოიწვია. ამ დაავადების სახლში მკურნალობა შეუძლებელია, რადგან სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

კრისი ექიმებს ევედრებოდა, რომ ხელები და ფეხები შეენარჩუნებინათ მისთვის, თუმცა ეს უკვე შეუძლებელი იყო - უჯრედები მკვდარი იყო და ხრწნის პროცესი მიმდინარეობდა. ახლა მას ახალი ცხოვრების დაწყება უწევს, ახალი სირთულეებით, თუმცა ოჯახი გვერდით უდგას და ყველა პრობლემის გადალახვას ჰპირდება.

კომენტარი