„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის მერობის კანდიდატი ირაკლი ბარძიმაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
როგორც ირაკლი ბარძიმაძემ განაცხადა, გუშინ მიიღო გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიის წევრებს ტრენინგებს უტარებდნენ, თუ როგორ გააყალბებინონ არჩევნები, როგორც ჩაყარონ ბიულეტენები.

„ბოლოს ეს ტრენინგი „ქართული ოცნების“ ოფისში გაგრძელდა, სადაც მიყვანილი ჰყავდათ კომისიის თავმჯდომარის მოადგილეები, კომისიის წევრები. მე დავუკავშირდი მედიის წარმომადგენლებს და ვუთხარი აღნიშნული ინფორმაციის შესახებ. როგორც ჩანს, ჩემს ტელეფონს სუს-ი უსმენს და როგორც კი მათ ოფისთან გავიარე, დავინახე, რომ კომისიის წევრები სასწრაფოდ ტოვებდნენ „ქართული ოცნების“ ოფისს, რათა ისინი ჟურნალისტებს არ დაენახათ. ამის შემდეგ დავიწყე გადაღება ჩვენი პარტიის კამერით, რამაც იქ მდგომი „ქართული ოცნების“ აქტივისტების აგრესია გამიწვია. ერთ-ერთმა მათგანმა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილმა გიორგი ბალიაშვილმა მომთხოვა, რომ გადაღებული მასალა წამეშალა, რაზეც მე უარი ვუთხარი და აღვნიშნე, რომ ამ მასალას რეაგირებას მივცემდი. როდესაც მოვტრიალდი, ის უკნიდან მომეპარა, დამარტყა და გაიქცა“, - განაცხადა ირაკლი ბარძიმაძემ.

მისივე განცხადებით, როდესაც ის გიორგი ბალიაშვილს გასაჩერებლად დაედევნა, ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ფეხი დაუდო, რის შედეგადაც წაიქცა. „სიბნელის გამო ვერ დავინახე, ვინ იყო. ამის შედეგად ხელი და მუხლი დავიზიანე“, - განაცხადა ირაკლი ბარძიმაძემ.

კომენტარი