იტალიის ლეგენდარულ ქალაქ კორლეონეში მაფიის ბოსი დააკავეს

იტალიის პოლიციამ დღეს გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ კორლეონეში, რომელიც დღემდე პოპულარულ ნაწარმოებსა და ფილმს „ნათლიას“ უკავშირდება, 79 წლის ადგილობრივი მაფიის ბოსი დააკავა.

იტალიის პოლიციის ცნობით, გაეტანო რიინას საქმის გამოძიება სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ მისი დაპატიმრება მაინც გადაწყდა.

პოლიციამ ოპერაცია მაძარა–დელ–ვალოს დასახლებაში ჩაატარა, სადაც რიინა ცხოვრობდა. მასთან ერთად კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის, გაეტანოს ორი ძმისშვილი დააკავეს.

კორლეონე სიცილიაში მდებარეობს და პატარა ქალაქია. იგი სიცილიელი მაფიოზების სამჭედლოდაა მიჩნეული. მარიო პიუზოს რომანის მიხედვით, სწორედ ამ ქალაქის სახელწოდება შერჩა ფსევდონიმად ვიტო კორლეონეს, როცა ჯერაც პატარა, იძულებული გახდა იტალიიდან აშშ–ში გაქცეულიყო.

გაეტანო რიინა სიცილიური მაფიოზური დაჯგუფების, „კოზა ნოსტრას“ ყოფილი ლიდერის, ტოტო რიინას ძმაა, რომელსაც მკვლელობებში მონაწილეობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ტოტო რიინა დღემდე ითვლებს იტალიური მაფიის ერთ–ერთ ყველაზე სასტიკ და პირსისხლიან ბოსად. მისი ცხოვრების შესახებ უამრავი მხატვრული ფილმი და სერიალია გადაღებული და ისინი არამხოლოდ იტალიაში და აშშ–შია პოპულარული. ასე მაგალითად, ფინეთის ერთ–ერთ სატელევიზიო არხზე დღემდე გადის სერიალი IL KAPO DEI KAPI - ტოტო რიინას ცხოვრების შესახებ, რომელშიც მოქმედება მისი ბავშვობიდან იწყება. სერიალი დოკუმენტურ მოტივებზეა აგებული.

კომენტარი