სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონ გალიანოს პატიმრობა ემუქრება

დღეს, ცნობილი დიზაინერის, ჯონ გალიანოს სასამართლო პროცესია დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, მას ნახევარი წლით პატიმრობა და სოლიდური ჯარიმა ელის. ცნობილი სკანდალის შემდეგ, რომელიც დიზაინერის ანტისემიტურ გამოსვლას ეხებოდა, მასთან მუშაობაზე თვით გალიანოს პირადმა ადვოკატმაც კი უარი თქვა.

როგორც ცნობილია, გახმაურებული ინციდენტის შემდეგ, ჯონ გალიანო „კრისტიან დიორმა“ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და მას საკუთარ ბრენდ „ჯონ გალიანოზეც“ უარის თქმა მოუწია. დიზაინერის ადვოკატმა სასამართლოში მის დაცვაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მოდის ინდუსტრია გალიანოს გამოსვლებმა შოკში ჩააგდო, მისი კოლეგა–დიზაინერები კი, როგორც თავად აცხადებდნენ, აღაშფოთა და დააბნია გალიანოს საქციელმა.

მსოფლიო მოდის კაიზერმა და „შანელის“ და „ფენდის“ კრეატიულმა დირექტორმა კარლ ლაგერფელდმა განაცხადა, რომ ის შეძრწუნებულია მომხდარით. ახალი ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და მოდის სამყაროს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. მოდელიორების აზრით, ამიტომ ახლა ყველა ფიქრობს, რომ ყოველი დიზაინერი ან ნებისმიერი ფეშენ–ინდუსტრიის წარმომადგენელი, ასეთივეა.

ჟურნალისტების თქმით, გალიანოს რომ სცოდნოდა, რამდენად დამანგრეველი იქნებოდა მისთვის ცნობილი ინციდენტი, ენას კბილს დააჭერდა. ბოლო ხანს ცნობილი გახდა ისიც, რომ კომპანია „Perfume Holding“–მაც გადაწყვიტა სუნამო „პაღლე მუა დამუღ“–ის წარმეობის შეჩერება. ამ ახალ სუნამოს კომპანია დიზაინერთან თანამშრომლობით უშვებდა. მაშასადამე, ეს სუნამო უახლოეს მომავალში გაყიდვაში აღარ უნდა ვეძებოთ.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ სპეციალურად შეაჩერეს წარმოება პრობლემების გამო, ახლა კი საკუთარ სტრატეგიას გადახედავენ. მოკლედ, ანტისემიტური ფრაზების და პოზიციის გამო, ცნობილი დიზაინერი ჯონ გალიანო, ფაქტობრივად, მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ მოიკვეთა. სასამართლოს გადაწყვეტილება კი დღეს გახდება ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100