ირაკლი ოქრუაშვილი სოჭში შენიშნეს

სოჭში მცხოვრებმა ქართველებმა “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს საღამოს ქალაქის ცენტრში შენიშნეს.

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” სოჭში მცხოვრებმა ქართველებმა აცნობეს. სააგენტოს კითხვაზე, იყო თუ არა აღნიშნული პირი ირაკლი ოქრუაშვილი, ქართველებმა შემდეგი განმარტეს.

“საღამოს სოჭში “რივიერას” პარკში ვსეირნობდით, იქედან რომ გამოვედით, გამოსულებს გაგარინის პროსპექტზე ირაკლი ოქრუაშვილი სამ თანმხლებ პირთან ერთად შეგვეჩეხა. თავიდან დავიბენით, გვეგონა, რომ ეს ადამიანი ოქრუაშვილს გავდა, შემდეგ ჩვენმა მეზობელმა ქართულად დაუძახა – ბატონო ირაკლი თქვენთან ფოტოს გადავიღებთო. ოქროაშვილმა უარის ნიშნად ხელი დაგვიქნია და თანმხლებ პირებთან ერთად მანქანაში ჩაჯდა”,- აცხადებენ სოჭში მცხოვრები ქართველები.

“ექსპრესნიუსი” სამივე ქართველს ესაუბრა და სამივე ნანახის ერთი და იგივე ვერსიას ჰყვება.

ინფორმაციის მიღების შემდეგ, “ექსპრესნიუსმა” გაარკვია, რომ ფრანგული მობილური ოპერატორების ერთ ნაწილს რუსეთში როუმინგული მომსახურება აქვს. ამის მიუხედავად, სააგენტომ ოქრუაშვილის ფრანგულ ნომერზე დაკავშირება ვერ მოახერხა.

“ექსპრესნიუსი” ცდილობდა დაკავშირებოდა “ქართული პარტიის” რამდენიმე ლიდერს ამ ინფორმაციის კომენტირებისთვის, თუმცა, ჩვენი ვარაუდით, გვიანი ღამის გამო, მათ ტელეფონებს არ უპასუხეს.

“ექსპრესნიუსი” უფლებას იტოვებს არ გაამჟღავნოს იმ ქართველების სახელი და გვარები, რომლებიც სოჭში ცხოვრობენ, თუმცა სააგენტო ადასტურებს რომ ინფორმატორები ნამდვილად სოჭში ცხოვრობენ და აფხაზეთიდან დევნილები არიან.


კომენტარი