სოსო ცინცაძე: ქართული ჯარისადმი ოქრუაშვილის მოწოდება კანონით დასჯადია

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ქართული ჯარისადმი ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვას არსებული ხელისუფლების აჯანყების გზით დამხობისკენ მოწოდებად" აფასებს.

„ეს არის მოწოდება არსებული ხელისუფლების აჯანყებით დამხობისკენ. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დასჯადია. ამიტომ, ასეთი განცხადება შეიძლება გაეკეთებინა მხოლოდ ისეთ პოლიტიკოსს, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება და რომელიც ადგილობრივი სამართალდამცველებისთვის მიუწვდომელია", - განუცხადა ცინცაძემ „ჯი-ეიჩ-ენს".

მისივე განმარტებით, ოქრუაშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და მოსკოვში ვიზიტმა „ქართული პარტიის" გეგმები გამოააშკარავა, რაც ქვეყნის ისტორიული არჩევანის შეცვლაში მდგომარეობს.

„ჩვენ თუ ერთ სიუჯეტში განვიხილავთ ოქრუაშვილის ინტერვიუს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართულ აქციას და ოქრუაშვილის ვიზიტს მოსკოვში, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის მცდელობა მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს ნიშნავს არც მეტი არც ნაკლები, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის შეცვლას - პროდასავლური კურსის პრორუსული კურსით შეცვლას. ეს ნიშნავს კონსტიტუციის, მენტალობის, არსებული კანონმდებლობების და აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლას", - განმარტა პოლიტოლოგმა.

რაც შეეხება ოქრუაშვილის თბილისში შესაძლო ჩამოსვლას, ექსპერტი მას გამორიცხავს და ასეთ შესაძლებლობას არ განიხილავს.

„მან ყველა საბაბი და მიზეზი მისცა ხელისუფლებას, რომ თავისი განცხადებებისა და ქმედების გამო მას პასუხი მოეთხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაამტკიცოს, რომ ის მოსკოვში საქართველოს ინტერესების სურვილით ჩავიდა და არა პროდასავლური კურსის შეცვლის გეგმით", - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

აღნიშნულ კონტექსტში, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილი ბევრს იღებს საკუთარ თავზე, რის გამოც შესაძლოა „ქართული პარტია" ზოგიერთმა ლიდერმა დატოვოს.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოქრუაშვილი ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე. არა მგონია მისი განცხადებების გამო „ქართული პარტიის" სხვა ლიდერების დაჭერები დაიწყოს, რადგან ყველა პოლიტიკური ლიდერი თავად აგებს პასუხს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მას რომელიმე ლიდერი გაემიჯნოს. რატომღაც მგონია, რომ სოზარ სუბარი მალე გაემიჯნება ასეთ განცხადებებს და საგარეო პოლიტიკური ვექტორის მკვეთრ შეცვლას მხარს არ დაუჭერს", - განუცხადა სოსო ცინცაძემ „ჯი-ეიჩ-ენს".

კომენტარი