ანდრეი ილარიონოვი - საჩხერის რაიონში გუშინ მომხდარი ინციდენტი ძალიან სახიფათო სიგნალია

საჩხერის რაიონში გუშინ დილით მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ქართველი ახალგაზრდები დაიჭრნენ, ძალიან სახიფათო სიგნალია, - ამგვარი შეფასება გააკეთა რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი ილარიონოვმა.
მან თანადგომა გამოუცხადა ყველა დაზარალებულს და სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
"ეს ძალიან სახიფათო სიგნალია, ვინაიდან წინა პერიოდში არსებობდა შედარებით მშვიდი სიტუაცია და იმედი იმისა, რომ ომის შემდეგ ვითარება თანდათანობით მოგვარდებოდა, თუმცა ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ეს არ არის პირველი სიგნალი და პროვოკაცია. ეს პროვოკაციები ხდება ჟენევის მოლაპარაკებებზეც და არის პროვოკაციული განცხადებები რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან. ეს კი დამატებითი სიგნალია და თუ ეს შემთხვევა ნაწილია ერთი მთლიანი გეგმისა, მაშინ მე ვშიშობ, რომ ამ ვითარების გასაღები არის არა აქ, თბილისში, ცხინვალში ან აფხაზეთში, არამედ სადღაც სხვაგან", - განაცხადა ილარიონოვმა.
მისივე თქმით, ასევე დიდია საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლოს რუსეთში წყდება საკითხი, თუ ვინ აიღებს აბსოლუტურ ძალაუფლებას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდისთვის.
"არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესს შესაძლოა თან ახლდეს სისხლისღვრა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საქართველოში", - განაცხადა ილარიონოვმა.

კომენტარი