ფიესტა კატალონიაში: "ბარსა" ჩემპიონი გახდა

ბარსელონა" ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. "ბარსა" "პრიმერადივიზიონის" გამარჯებული ორი ტურით ადრე გახდა. "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო. მთლიანობაში ქვეყნის პირველი გუნდის ტიტული 21-ედ მოიპოვა. ბარსელონამ 92 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან "რეალს" 6 ქულით უსწრებს.

"ბარსელონა" "ლევანტეს" ეწვია და შეხვედრა 1:1 დამთავრდა. ჩემპიონობის მოსაპოვებლად გვარდიოლას გუნდს ერთი ქულაც ჰყოფნიდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, გვარდიოლა გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც გუნდში მისვლიდან პირველ 3 წელიწადში, ამდენჯერვე მოიგო "ლა ლიგა". კიდევ ერთი ტიტულის მოგებით, კატალონიელმა სპეციალისტმა, კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. პირველ ადგილზე ლეგენდარული იოჰან კრუიფია, რომელმაც 6.5 წლის განმავლობაში, „ბარსას" 11 ტიტული მოაგებინა. გვარდიოლამ, არასრულ სამ სეზონში, უკვე 9 თასი მოაპოვებინა გუნდს და წინ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ფინალია.

გუშინ განაღდებული ჩემპიონობა განსაკუთრებული იყო ანდრეს ინიესტასთვის. მნიშვნელოვანი გოლების გატანით გამორჩეულ ფეხბურთელს, თერთმეტ მაისს, 27 წელი შეუსრულდა და იგი გახდა ისტორიაში მე-3 ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი საკუთარ დაბადების დღეზე მოიგო.

უკვე გადაწყვეტილია რომ "ლა ლიგის" მეორე ადგილს "რეალი" დაიკავებს. ბომბარდირთა დავას "რეალის" ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო 36 გოლით ლიდერობს. მეორე ადგილოსან მესის რონალდო 5 გოლით უსწრებს.

კომენტარი