ლიბიაში აჯანყებულებმა მისრატის აეროპორტი აიღეს

ლიბიის ქალაქ მისრატიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით BBC იუწყება, რომ აჯანყებულებმა ქალაქ მისრატის აეროპორტი აიღეს და ამ დროისთვის ისინი აკონტროლებენ – ამ შედეგით დასრულდა სისხლისმღვრელი შეტაკებები ქალაქის მისადგომებთან, რომელიც კადაფის მომხრე და მოწინააღმდეგე შეიარაღებულებს შორის დილით დაიწყო და საღამომდე გრძელდებოდა.

 

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ათასობით ადამიანი მისრატის ქუჩებში გამოვიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა კადაფის მომხრეების მიერ ტანკების დატოვების, იარაღის დაყრისა და გაქცევის შესახებ.


შეგახსენებთ, რომ სახელისუფლო ძალები უკვე ორ თვეზე მეტია ცდილობენ მისრატის აღებას. მისრატი ერთადერთი ქალაქია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, რომელსაც აჯანყებულები აკონტროლებენ. იმის გამო, რომ ქალაქი ალყაშია, იქედან გაღწევა მხოლოდ ზღვითაა შესაძლებელი. ბოლო დრომდე ქალაქის აეროპორტი კადაფის მომხრეთა ხელში იყო.


 

მისრატის პორტი სიდიდით მესამეა ქვეყანაში და სწორედ მისი სტრატეგიული მნიშვნელობით აიხსნება, რომ კადაფის მომხრეებმა პორტი „გრადის“ დანადგარებიდან არაერთხელ დაბომბეს.


მართალია, აეროპორტის აღების დროს ათზე მეტი აჯანყებული დაიჭრა, მაგრამ ისინი ირწმუნებიან, რომ მოახერხეს რამდენიმე ტანკის დაწვა და „გრადის“ სისტემის 40 დანადგარის მითვისება.

კომენტარი