სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სანკტ-პეტერბურგის ფესტივალზე ათეულობით ახალგაზრდამ ნარკოტიკების ზედმეტი დოზა მიიღო

სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული ელექტრონული მუსიკის უდიდესი ფესტივალის შესახებ გადაღებული ვიდეოფირი ერთდროულად 10 სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა და ამ საქმეებს მთავარ სამხილად დაერთო. საქმე ის გახლავთ, რომ კადრებს ფესტივალზე ერთ-ერთი ოპერატორის სახით სახელმწიფო ნარკოკონტროლის სამმართველოს თანამშრომელი იღებდა. კადრებში კარგად ჩანან ნარკოტიკებით გაბრუებული ახალგაზრდები. თექვსმეტსაათიანი საცეკვაო მარათონის განმავლობაში მხოლოდ პოლიციელებს არ ეცალათ მხიარულებისთვის - ისინი იმ ახალგაზრდებს შველოდნენ, რომლებმაც ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა მიიღეს.

„ბევრ ახალგაზრდას მათი მდგომარეობა სახეზევე ეწერა, ამას გარდა, ისინი სპონტანურმა მოძრაობებმაც გასცა, რომლებიც მუსიკის რიტმს არ შეესაბამებოდნენ. დოზის გადაჭარბების შემდეგ ზოგი თვითონ მოძრაობდა და ლანდივით დადიოდა, ზოგიერთები კი უგონო მდგომარეობაში იყვნენ“, - იხსენებს სახელმწიფო ნარკოკონტროლის პრესსამსახურის წარმომადგენელი.

ელექტრონული მუსიკის ყოველწლიურმა ფესტივალმა ლენინგრადის ოლქში კლუბური გართობის მოყვარული 30 ათასამდე ადამიანი შეკრიბა: მოდური დისკ-ჟოკეი, ბგერათა კილოვატები და კილოგრამობით ნარკოტიკი. ოპერატიულმა მუშაკებმა იმქვეყნად უკვე სანახევროდ წასული ორმოცამდე ახალგაზრდა მოაბრუნეს სააქაოსკენ.

შესვლისას მკაცრი კონტროლის მიუხედავად, ახალგაზრდები ნარკოტიკების შეტანას მაინც ახერხებდნენ. დისკოთეკის მთავარ ჰიტად სწორედ ხელოვნური ნარკოტიკი: ნატრიუმ ოქსიბუტირატი, ან, უბრალოდ, ბუტირატი იქცა. ამ ნარკოტიკს თხევადი სახით მოიხმარენ და ახალგაზრდებს იგი სხვადასხვა სახის ბოთლებში ჩასხმული შეჰქონდათ.

საერთო ჯამში, ძლიერი ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოებში 20-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, უმრავლესობას კი პირველი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ სერიოზული შემოწმება ელით ან ფესტივალის ორგანიზატორებსაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100