კიდევ ერთი ახალი დაინფიცირებული მერიის თანამშრომელია

თეთრიწყაროს კლასტერი ფართოვდება - ინფიცირებულების რაოდენობა დღეს კიდევ გაიზარდა. დღის ბოლოს ელოდებიან დამატებით პასუხებს ლუგარიდან, საუბარია საავადმყოფოს 31 თანამშრომელზე.


COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, ქვემო ქართლის რიგით მესამე მუნიციპალიტეტი უკვე 24 საათია, ჩაკეტილია. განსაკუთებული ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ეპიდემიოლოგებმა ადგილობრივი კლინიკის მედპერსონალის ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.

12 საათის მონაცემებით, თეთრიწყაროს ე.წ. კლასტერს 1 შემთხვევა დაემატა. ეს არის მერიის თანამშრომელი და ამჟამად, ამ პირის კონტაქტების დადგენაზე ეპიდემიოლოგები და სპეციალისტები მუშაობენ.

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის არც პროდუქტების და არც მედიკამენტების პრობლემა რეგიონში არ არის.

"თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაგვემატა 1 დადასტურებული ფაქტი ინფექციის გავრცელების და ეს არის და ეს არის მერიის თანამშრომელი.

დადგინდა კიდევ ერთი მატება ბოლნისის მუნიციპალიტეტში და ეს არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანი, რომელთა კავშირებიც შესწავლილია, თუმცა წინასწარ ვიცით, რომ ის 17 აპრილიდან უკვე იყო თვითიზოლაციაში და შეზღუდული ჰქონდა კომუნიკაცია" - აცხადებს რეხვიაშვილი.

ამასთან, თეთრიწყაროში კარანტინში 35 ადამიანი იმყოფება. მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებიც არიან. თეთრიწყაროს კლინიკის დირექტორის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება პარალიზებული არ იქნება. კრიზისის თავიდან არიდების მიზნით, მიმდებარე სოფლების სასწრაფო დახმარების ბრიგადების მობილიზება მოხდება.

"35 ადამიანია კარანტინში და 19 არის დაინფიცირებული. კრიტიკული მდგომარეობა, რა ინფორმაციაც მე გამაჩნია, არაფერია. ყველა ღონისძიებას ატარებენ იმისთვის, რომ დადგინდეს საიდან არის წყარო" - აცხადებს თეთრიწყაროს კლინიკის დირექტორი პაატა მეხრაძე.

ბოჭორიშვილის კლინიკაში თეთრიწყაროს კლასტერიდან გუშინ გადმოყვანილი პაციენტების ნაწილის მდგომარეობა საყურადღებოა. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, მათი ძირითადი სიმპტომი ცხელებაა.

კომენტარი