„პროექტის შიდა სამზარეულოში რაც ხდება არ მომწონს“ - „X ფაქტორიდან“ გამოვარდნილი მერაბ ამზოევის ექსკლუზიური ინტერვიუ „დრონი.ჯი“-სთან

მერაბ ამზოევმა პოპულარობა და მოწონება „იქს-ფაქტორის“ სცენაზე გამოსვლიდან პირველივე წუთებში მოიპოვა. მისი ვოკალური მონაცემებითა და გარეგნობით მაყურებელი და ჟიური ერთიანად მონუსხა. გამარჯვების ერთ-ერთ კანდიდატადაც ითვლებოდა. თუმცა ყველასათვის მოულოდნელად გუშინ პროექტს გამოეთიშა. „უსამართლობაა. მერაბი არ უნდა გაეშვათ. სოფო მართალი იყო, მას ჯერ არ გამოუვლენია თავისი შესაძლებლობები! გრცხვენოდეთ. არაობიექტურები ხართ. დავასრულე ამ პროექტის ყურება“, - ეს მხოლოდ ნაწილია იმ კომენტარების, რომლებიც გაოცებულმა მაყურებელა მერაბის გავარდნის შემდეგ დაწერა. მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ „დრონი.ჯი“ ამზოევის დაუკავშირდა:

- “X ფაქტორის“ ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდი , თუმცა პროექტი დატოვე. მოულოდნელი იყო შენთვის ასეთი შედეგი?

სიმართე გითხრათ არ იყო მოულოდნელი. თავიდანვე როდესაც ლაივები დაიწყო, მაშინვე მივხვდი რომ ასე მოხდებოდა. ზარებით როცა წყდება კონკურსანტის ბედი, გამოდის რომ ვისაც მეტი ფული აქვს ის რჩება. არ აქვს მნიშვნელობა უკვე სიმღერას, როცა შეგიძლია ათასობით ზარი განახორციელო ერთი ნომრით. არაა ეს სწორი და ამიტომაც მოხდა ასე. თუმცა, მიმაჩნია რომ მაგდა ძალიან ძლიერი მომღერალია და ჩემთან შედარებით ის იმსახურებდა დარჩენას.

- უკვე გავარდნილი კონკურსანტები საუბრობენ, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდებოდა მათ გამოსვლამდე ან სიმღერებს ურჩევდნენ არასწორად, აქედან გამომდინარე შედეგს წინასწარ ხვდებოდნენ. შენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

დაზუსტებით ვერ ვიტყვი, თუმცა როცა ეს სიმღერა ამირჩიეს, ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. სოფომ პროდუსერებთან ერთად გადაწყვიტა.

- როგორ ფიქრობ, გუშინდელი შენი ნამღერიდან გამომდინარე იყავი ღირსი პროექტი დაგეტოვებინა? შენი ნამღერით თუ ხარ კმაყოფილი?

არ ვარ კმაყოფილი. ეგ სიმღერა არ მინდოდა, ჩემი სტილი და ჟანრი არ არის. სანდრომ რაც შეასრულა, თავიდან მე ავარჩიე ეგ სიმღერა, შევთავაზე პროდუსერებს რომ მემღერა, მაგრამ მე არ დამრთეს ნება და მას მისცეს.

- სოფოზე ხომ არ ხარ გულდაწყვეტილი?

არავისზე არ ვარ გულდაწყვეტილი. მაინც დიდი შედეგია ჩემთვის ეს.

- ვის უგულშემატკივრებ?

სანდროს, გრიგოლს და mix2ra-ს ვუგულშემატკვირებ.

- რა მოგცა ამ პროექტმა?

დიდი არაფერი არ მოიტანა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ახლა აღარ მივიღებდი მონაწილეობას. პროექტის შიდა სამზარეულოში რაც ხდება, არ მომწონს და მგონი სახეზეც მეტყობოდა რომ მობეზრებული მქონდა „იქს ფაქტორი“, აღარ მინდოდა დარჩენა.

- თუ აპირებთ, რომ საქართველოს რომელიმე კონკურსში კიდევ მიიღოთ მონაწილეობა?

ჯერ-ჯერობით ერთი დღე გავიდა და ვნახოთ, არ ვიცი.

- პროექტში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

მეუღლემ მთხოვა ბევრჯერ და ამიტომ მივედი.

- ახლა რა გეგმები გაქვს, რას აპირებ კარიერის მხრივ მომავალში?

ერთ-ერთ სასტუმროში ვმღერი და ვისაც ჩემი მოსმენა სურს, შეუძლია იქ მოვიდეს და მომისმინოს.

კომენტარი