სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეცბაიამ ფეხბურთელები მეორე ტაიმში "დაქოქა" - 2:1 ალბანეთთან

შეხვედრის 88-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ეს ახალი სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. მატჩის პირველი ტაიმი ალბანელთა გამარჯვებით დასრულდა: მე-3 წუთზე ედგარ კანიმ სწრაფი გოლის გატანა მოახერხა და ალბანელები დააწინაურა.

პირველი ტაიმის განმავლობაში, გატანილი გოლის მიუხედავად, ქართველები არც ისე აქტიურობდნენ. თავი იჩინა ტექნიკურმა წუნმაც: ფეხბურთელები ვერ ართმევდნენ თავს ფლანგებზე თამაშის გადატანას, ხშირი იყო შეცდომები პასისა თუ ბურთის დამორჩილების დროს.

თამაშის 27-ე წუთზე ალბანელების კარში არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც დვალიშვილმა ვერ გამოიყენა: მეკარემ ჯერ მისი დარტყმული ბურთი მოიგერია, მერე კი დამატებით დარტყმული ბურთიც.

თემურ ქეცბაიამ მეორე ტაიმში გასახდელში ფეხბურთელების დარიგების გარდა, პრაქტიკულ ნაბიჯებსაც მიმართა. მან თავდაპირველად ორი ფეხბურთელი შეცვალა: დაუშვილი ნიკა გელაშვილით ჩაანაცვლა, ხოლო გია გრიგალავას ნაცვლად მოედანზე დავით კვირკველია გავიდა.

ქართველმა ფეხბურთელებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და 48-ე წუთზე დავით თარგამაძის პასის შემდეგ ანგარიში სანდრო კობახიძემ გაათანაბრა - 1:1.

მოგვიანებით ქეცბაიამ კიდევ ერთი ფეხბურთელი შეცვალა: ლადო დვალიშვილის ნაცვლად ოთარ მარცვალაძე გამოიყვანა.

მატჩის მიწურულს ალბანელმა არბიტრმა ჩვენს სასარგებლოდ კიდევ ერთი პენალტი დანიშნა. ალბანელთა მეკარემ სამირ უჯკანმა ამჯერადაც მოიგერია დავით თარგამაძის „სასტარტო“ დარტყმა. პენალტის შემსრულებელმა დამატებაზეც ყველას დაასწრო და უძლიერესად დაარტყა, მაგრამ ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ამის შემდეგ კი ალექსანდრე ამისულაშვილმა ძლიერი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია.

საბოლოოდ, მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ (პაუზა ტრავმებით იყო გამოწვეული) საქართველოს ნაკრებს ლევან ყენია დაუბრუნდა. თამაშის 75-ე წუთზე ყენიამ მოედანზე ჯანო ანანიძე შეცვალა.

საქართველოს ნაკრები:ნუკრი რევიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გურამ კაშია, გია გრიგალავა, მურთაზ დაუშვილი, ჯანო ანანიძე, დავით თარგამაძე, სანდრო კობახიძე, ჯაბა კანკავა, ვლადიმერ დვალიშვილი.

მთავარი მწვრთნელი:თემურ ქეცბაია

ალბანეთის ნაკრები: სამირ უჯკანი, არმენდ დალკუ, ფრანც ველიუ, ანდი ლილა, ერვინ ბულკუ, ოდისე როში, ჯაჰმირ ჰიკა, ემილიანო ვილა, გჯერჯ მუზაკა, ანსი აგოლი , ედგარ კანი.

მთავარი მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100