კაჭრეთში ჟურნალისტ ნათია ლაზაშვილის სახლი დაიწვა

2 დეკემბერს, გამთენიისას ჟურნალისტ ნათია ლაზაშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. საუკუნის სახლი, რომელსაც ისტორიული სიძველის იერსახე ჰქონდა, მთლიანად განადგურებულია. მეზობლებმა და ოჯახის ახლობლებმა ვერც ერთი ნივთის გადარჩენა ვერ შეძლეს. გამოძიება უკვე მიმდინარეობს და სახლის დაწვის რეალ ური მიზეზი, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

ნათია ლაზაშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარეობს, ცეცხლი ღამის სამ საათზე გაუჩნდა. მეზობლების თქმით, დროულად რომ მომხდარიყო ცეცხლის ლოკალიზება და სახანძრო სამაშველო სამსახურის ადგილზე მისვლა, შენობის ნაწილის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.

„კაჭრეთის სახანძრო სამაშველო ჯგუფი დროულად მოვიდა, თუმცა მას მხოლოდ ტონანახევრის ავზი ჰქონდა, რაც საკმარისი არ იყო ხანძრის ჩასაქრობად. 27 ჯერ დავრეკეთ, რომ როგორმე დამატებითი მანქანა მოსულიყო. საათნახევრის შემდეგ გურჯაანიდან მოვიდა სამაშველო ჯგუფი, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო.“– განაცხადეს მეზობლებმა „მედიატორთან“ საუბრისას.

„მედიატორის“ კითხვაზე, ხომ არ შეუნიშნავთ უცხო პირები ან რაიმე საეჭვო ქმედება, ოჯახის ახლობლებმა განაცხადეს, რომ მათ მსგავსი რამ არ დაუნახავთ და გამორიცხული იყო, ვინმეს ცეცხლი მიზანმიმართულად გაეჩინა, ან თუნდაც გაქურდვის დროს რაიმე მომხდარიყო.

„წარმოუდგენელია, სანდროსთვის (ნათია ლაზაშვილის მამა (ავტ.) ასეთი რამ ვინმეს ეკადრებინა. მას დიდი ავტორიტეტი აქვს და ყველა პატივს სცემს.“– გვითხრა ნიაზი ლაზაშვილმა.

მისი თქმით, სახლს ელექტრო გაყვანილობის პრობლემა ჰქონდა და სავარაუდოდ ცეცხლი გაუმართავი სადენის გამო გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სახლის რეაბილიტაციისთვის და ისტორიული იერსახის შენარჩუნებისთვის ოჯახმა 50 000 –მდე ლარი დახარჯა. დამწვარია ოჯახის საკუთრებაში არსებული რელიქვიები. მათ შორის მეცხრამეტე საუკუნის დროს ნაყიდი მიწების ნასყიდობის ხელშეკრულებები.

წყარო

კომენტარი