აგლაძეს 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გასული წლის ყველაზე გახმაურებული და სასტიკი მკვლელობა, რომელიც 2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის პროსპექტზე მოხდა, ისევ საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.

შარშან, 23 წლის ზურა ტარყაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე მთელი საქართველო ალაპარაკდა. გამოძიების მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებულები არიან: დავით რუსიშვილი, ირაკლი აგლაძე და ივერი გოგბერაშვილი.

პოლიციამ, მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დააკავა ბრალდებული დავით რუსიშვილი, რომელმაც დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ 23 წლის ზურა ტარყაშვილი, მან, ივერი გოგბერაშვილმა და ირაკლი აგლაძემ წინასწარი შეთანხმებით მოკლეს.

დღეს კი, ირაკლი აგლაძის (რომელიც მიმალვაშია) ადვოკატი, ვინმე მალხაზ ჯანგირაშვილი ირწმუნება, რომ სასამართლო დარღვევებით მიმდინარეობს. თუმცა, დაიკითხა 10-ზე მეტი მოწმე... ისინი კი, აცხადებენ, რომ ნათლად დაინახეს, თუ როგორ დაუნდობლად, მხეცურად მოკლა მათ შორის ირაკლი აგლაძემ 23 წლის ჩოგბურთელი, ზურა ტარყაშვილი.

საინტერესო დეტალი: სასამართლოს მიმდინარეობის დროს ნათლად ჩანდა, რომ აგლაძის ადვოკატები მოვალეობის მოხდის მიზნით ჰყვებოდნენ „საზეპიროებს“ და დიდად არც იწუხებდნენ თავს მისი უდანაშაულობა ემტკიცებინათ, რადგან გამოძიების მიერ გამოქვეყნებულმა უტყუარმა მტკიცებულებებმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

ვინმე ჯანგირაშვილის თქმით, საქალაქო სასამართლოში აგლაძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და ის გამოყოფილია მკვლელობაში ბრალდებული დავით რუსიშვილისა და ივერი გოგბერაშვილის საქმიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლო, 1988 წელს დაბადებულ ირაკლი აგლაძეს, 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის განაჩენს დღეს გამოუტანს. მას 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, ზურა ტარყაშვილს, ივერი გოგბერაშვილმა, ირაკლი აგლაძემ და დავით რუსიშვილმა ცეცხლი ერთდროულად გაუხსნეს. მას 11 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

საქართველოს შს სამინისტრომ, გოგბერაშვილი უკრაინაში დააკავა. მალევე გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს გოგბერაშვილი, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრით იყო გათავისუფლებული.

გამოძიების ვერსიით, იგი ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის დავით რუსიშვილს და ყაჩაღობისთვის გასამართლებულ 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ზურა ტარყაშვილის მკვლელობა განახორციელა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რა დროსაც უამრავი ადამიანი მოძრაობდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი, რისთვისაც დავით რუსიშვილი და ივერი გოგბერაშვილი ზურაბ ტარყაშვილს იმ დღეს დილიდან უთვალთვალებდნენ.

გამოძიების მასალების მიხედვით, ლაღიძის ქუჩაზე, მის სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიიდან ზურა ტარყაშვილის გამოსვლა, ივერი გოგბერაშვილს ტელეფონით დავით რუსიშვილმა აცნობა, რის შემდეგაც მკვლელები რუსთაველის გამზირზე შეიარაღებულები მივიდნენ და რამდენიმე მიმართულებიდან დაედევნენ მას.

რუსიშვილის აღიარებითი ჩვენების მიხედვით, პირველი ტყვია ტარყაშვილს სწორედ მან ესროლა, ზურა ტარყაშვილი დაეცა, რის შემდეგაც მას ირაკლი აგლაძე მიუახლოვდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა. ივერი გოგბერაშვილმა კი ორი საკონტროლო გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც მკვლელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შს სამინისტრომ, რუსიშვილი მკვლელობიდან მესამე დღეს დააკავა. მან დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა, როგორ დაიგეგმა და განხორციელდა მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის მიერ.

ზურა ტარყაშვილის მკვლელის მიმართ, ნაფიცმა მსაჯულებმა, ხალხის სახელით, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს და ბრალდებული დავით რუსიშვილი დამნაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.

მას სასჯელის სახით 21 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

პ.ს: და ბოლოს, ირკვევა, რომ ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში შესაძლოა კიდევ ერთი პირი - დავით ჯოხაძეც მონაწილეობდეს. მას, სავარაუდოდ, ტარყაშვილის მკვლელობის ბრალდებას უახლოეს მომავალში წაუყენებენ.

გამოძიების ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 23 წლის ჩოგბურთელის მკვლელობაში დავით ჯოხაძემაც მიიღო მონაწილეობა. გამოძიება მუშაობს მკვლელობის სხვა თანამონაწილეების მიმართაც, რომელთა გვარები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

კომენტარი