სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მასონური გზაჯვარედინი ანუ თანამედროვე ქართველ მასონთა გეგმები

რედაქციის წინასიტყვაობა:

„დრონი.ჯი“-მ უკვე რამდენჯერმე შემოგთავაზათ ქართველ მასონებთან დაკავშირებული წერილები, მათ შორის ინტერვიუც სოლომონ ასურელთან - ეს სწორედ ის ფსევდონიმია, რომელიც ქართველ მასონთა ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა წარმომადგენელმა მოირგო. სწორედ ამ ფსევდონიმით აქტიურობს სოციალურ ქსელებში ეს პირი და აცხადებს, რომ ქართველ მასონთა ლოჟის დაარსება, განახლება თუ ხელახლა განვითარება, მისი მთავარი ამოცანაა. დღეს კიდევ ერთ წერილს გთავაზობთ, საიდანაც გავიგებთ, რა გეგმები აქვთ ქართველ მასონებს, როგორ ვითარდებიან და მზად არიან თუ არა ფართო საზოგადოების წინაშე ამა თუ იმ ფორმით წარდგომისთვის.

მასონური გზაჯვარედინი

მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმისათვის, რომ გვაძლევთ საშუალებას მივმართოთ დაინტერესებულ მკითხველს, ქართულ საზოგადოებას და ვამცნოთ ის სიახლეები, რომლებიც ჩვენს გარშემო ვითარდება და ის პერსპექტივები, რომლებიც ჩვენს წინაშე ისახება.

ჩემი ბოლო ინტერვიუდან ნახევარი წელი გავიდა, ამ პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა, მინდა რამოდენიმე მათგანზე თქვენი და მკითხველის ყურადღება შევაჩერო.

უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ მოვლენას. მავანს მოსწონს ეს თუ არა, ფაქტია, რომ წელს პირველად საქართველოს ისტორიაში გამოიცა ქართველი მასონების მიერ ქართულ ენაზე დაწერილი (და არა უცხო ენიდან ნათარგმნი, თუმცა გარკვეულ ლიტერატურაზე დაყრდნობით და მასალების გამოყენებით) ორდენის ისტორიის ამსახველი ორი წიგნი.

მასონური ორდენის ისტორიის აღწერა იწყება იმის ახსნით, თუ საერთოდ რას წარმოადგენს დღევანდელი საძმო, რა ორგანიზაციების, გაერთიანებების და ინდივიდების ბაზაზე შეიქმნა და ვითარდებოდა საუკუნეების განმავლობაში, 1717 წლამდე და შემდგომ. წიგნებში აგრეთვე წარმოდგენილია ორდენის განვითარების ისტორია რამოდენიმე სახელმწიფოს მაგალითზე, მოკლედ არის საუბარი საქართველოზეც, რადგან ამ მიმართულებას ცალკე კვლევა და გამოცემა მიეძღვნება.

წიგნში „მასონები - საიდუმლო საძმო თუ საძმო საიდუმლოებებით, ჩემი გზა ჩემი არჩევანია“, ქართველი მასონის განზოგადოებული ისტორიაც არის წარმოდგენილი, თუ როგორ გაიარა მან პირველ გრადუსზე ინიცირებისაკენ მიმავალი ბილიკი, როგორი იყო ინიცირების რიტუალი და როგორ მოხდა მისი გადასვლა მეორე საფეხურზე. მესამე, ოსტატის საფეხურზე ასვლის ისტორია კი ჩვენს მესამე წიგნში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2013 წლის იანვარ-თებერვალში გამოვა.

ამავე წიგნში, წარმოდგენილია საძმოს ფილოსოფიის ფუნდამენტური საფუძვლები, მასონური (და არა მარტო მასონური) სიმბოლიკის მოკლე ახსნა. რაც მთავარია, წიგნი პასუხობს პროფანების, ანუ იმ საზოგადოების, რომელიც არ არის ორდენის წევრი, ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს, თუ რა არის მასონობა, რა არის მასონური გრადუსები, რას წარმოადგენს მეფე სოლომონის ტაძარი და ლეგენდა ჰირამ აბიფზე, რა არის მასონური ინიცირება, რა არის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ცისფერი ლოჟა და სხვა. წიგნის დანართებში კი თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ყველა ინტერვიუ 2010 წლიდან დღემდე, რომელიც დამატებით პასუხებს გასცემს საზოგადოების მიერ დასმულ მრავალ აქტუალურ შეკითხვას. ვიმედოვნებთ, რომ საკითხავი ლიტერატურა, რომელსაც ჩვენ წიგნის ბოლოს ვთავაზობთ მკითხველს, ასევე მნიშვნელოვანი და გამოსადეგია ჩვენი საზოგადოებისათვის.

ამასთანავე, სანამ მეორე წიგნზე გავაგრძელებ საუბარს, აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ძმას და ადამაინს ვინც აქტიური წვლილი შეიტანა აღნიშნული გამოცემების მომზადებაში, რედაქტირებაში, რეცენზიაში, დაკაბადონებაში, დაფინანსებაში, ბეჭდვაში და თქვენამდე, საზოგადოებამდე მოტანაში. განსაკუთრებული მადლობა ორივე წიგნის გარეკანის დიზაინისთვის, ჩვენს თანამემამულეს გოგას დ.-ს და ძმებს ალექსანდრე მ. III-ეს, პლამენ ბ.-ს, ალექსანდრე ვ.-ს, არჩილ ე.-ს, ნიკოლაუს შ.-ს

ორივე წიგნი კი ეძღვნება ყველა ქართველ ძმას, ადამიანებს ვინც მოგზაურობს სიბნელიდან სინათლისკენ, ყველა ღირსეულ, სულით ჯანმრთელ, ერთგულ და შრომისმოყვარე ძმას! რაც მთავარია, ეძღვნება „აკაციას“, „ოქროს საწმისს“ და „პრომეთეს“, ქართველი ემიგრანტების მიერ საფრანგეთში დაფუძნებულ ლოჟებს და მათ „სეხნიებს“ საქართველოში.

მეორე წიგნში, „მასონური საიდუმლოს ფესვები - სინათლის ძიებაში“, წარმოდგენილია მასონური ორდენის შოტლანდიური და იორკული წესდებების შესახებ ინფორმაცია, მცირედი ისტორია ტაძრის რაინდებზე - ტამპლიერებზე (ვინაიდან უფრო ვრცლად მესამე წიგნში ვისაუბრებთ მათზე) და რაც მთავარია, წიგნში ვსაუბრობთ ანტი-მასონური ისტერიის საფუძვლებზე, მასონების წინააღმდეგ გამოთქმულ ძირითად უტოპიურ და ცრუ ბრალდებებზე.

მეორე წიგნი აგრეთვე მოგითხრობთ ვარდისა და ჯვრის ორდენზე, როზენკროიცერებზე, მათ წარმოშობის ლეგენდებზე, ფილოსოფიაზე და კავშირზე მასონურ ორდენთან. წიგნის დანართებში თქვენ იხილავთ მასონური პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალს, მსოფლიოში არსებული დიადი ლოჟების სიას, მასონური ლოჟების გახსნისა და განვითარების ქრონოლოგიას, გამოჩენილ მასონთა სახელებს პროფესიების მიხედვით.

წიგნში „მასონური საიდუმლოს ფესვები - სინათლის ძიებაში“, ჩვენ ვცდილობთ წარმოვადგინოთ, განვიხილოთ და მკითხველთან ერთად გავაანალიზოთ ის ბრალდებები, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის ორდენის მიმართ. ასეთი შეკითხვები გვხდება ჩვენ ილუმინატთა საძმოსთან დაკავშირებით, წარმოვადგენთ ლეგენდას ბაფომეტის შესახებ, ამ ლეგენდის უკან არსებულ რეალურ და მკითხველისთვის ადვილად გადასამოწმებელ ფაქტებს, ცრუ შეხედულებებსა და ბრალდებებს მსოფლიო შეთქმულებისა და გლობალიზაციის მხარდაჭერის შესახებ, ცალკე განხილვის თემაა მასონები და რელიგია, საქართველოში პირველი რესპუბლიკის დროს რელიგიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება.

წიგნების მეშვეობით ვცდილობთ ავუხსნათ მკითხველს, საზოგადოებას, რომ მასონი არის ჩვეულებრივი ადამიანი, ქვეყნის პატრიოტი მოქალაქე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა კანის ფერის, რწმენის, პოლიტიკური და კულტურული შეხედულებების ადამიანი იყოს, რომ მასონობა არ არის რელიგია, სექტა და პირიქით, ორდენის შიგნით მკაცრად არის აკრძალული დისკუსია პოლიტიკაზე, რელიგიაზე და ეთნიკურ საკითხებზე. მასონობა არის ადამიანის ცხოვრების ფილოსოფია, ადამიანის განვითარება, რომელსაც თითოეული ადამიანი დამოუკიდებლად საკუთარ თავში ანვითარებს. მასონი ღვთისმოსავია, მას უნდა სწამდეს (ორდენში მისაღები კანდიდატისადმი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა სხვა მოთხოვნათა შორის) შემქნელის და სულის უკვდავების. ამასთანავე მასონი ჰუმანისტია, მას გააჩნია მოსმენის კულტურა, საუბრის, დიალოგის და გადმოცემის დამატებითი ნიჭი და უნარი, მისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ლოგიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, გრამატიკა, არითმეტიკა, მუსიკა...

ამ და სხვა მრავალ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენს ორ წიგნში, რომელიც სულ ახლახანს დაიბეჭდა და 11 ივნისიდან ვრცელდება ილიას უნივერსიტეტის მაღაზიებში („ლიგამუსი“). ფასი დაფიქსირებულია ორივე წიგნის, ანუ ორი წიგნი ერთ კომპლექტში იყიდება და ვთვლით, რომ ეს წიგნები რარიტეტულია, პირველი გამოცემაა.

დარწმუნებული ვართ, რომ ამ წიგნებიდან დაინტერესებული მკითხველი ბევრ საინტერესოს და მისთვის ახალს ამოიკითხავს, ან კარგად ნაცნობ ძველსაც, თუმცა, გარკვეულწილად, მისთვის უცნობი ინტერპრეტაციით და რაკურსით. წიგნები ორი წლის შრომის ნაყოფია, გუნდური მუშაობის და თანაავტორობის. მისი ავტორი „სოლომონ ასურელი“ არის სახე ყოველი ჩვენთაგანის, ვინც იმუშავა საზოგადოების აზრის შესწავლაზე, ყველაზე პრიორიტეტული შეკითხვების და თემების იდენტიფიცირებაზე, გადმოსაცემი ენის დახვეწაზე და სტილის ჩამოყალიბებაზე. ეს წიგნები ერთგვარი სახელმძღვანელოც შეიძლება იყოს.

მესამე წიგნს, რომელსაც „ოკულტური საძმო“ ეწოდება, ჩვენი ჯგუფი უკვე რამოდენიმე თვეა ამუშავებს და როგორც მოგახსენეთ, 2013 წლის იანვარ-თებერვალში ვგეგმავთ გამოსაცემად. ამ წიგნში უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი საძმოს, მასონური ორდენის ეზოთერიკული ფილოსოფია, ოკულტური და მაგიური ლეგენდები და რეალობა, მარტინისტთა ორდენის წარმოშობისა და განვითარების ისტორია, ტამპლიერთა მოღვაწეობის, განვითარების, დამარცხების და აღორძინების ისტორია და ლეგენდები, ჰერმეტიკული ორდენები, კაბალისტიკა, მასონის პირადი ისტორია, თუ როგორ გახდა ის ოსტატი და ბევრი სხვა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაწერილია იმ ენით და იმ ნორმების დაცვით, რაც აუცილებელია მასონური ტრადიციებისათვის. წიგნებში მხოლოდ პროფანული სახის მასალაა წარმოდგენილი. არ დაგავიწყდეთ, მასონური ორდენი არ არის საიდუმლო საძმო, ის არის საძმო საიდუმლოებებით...

ახლა, რაც შეეხება სხვა ორ მნიშვნელოვან ამბავს. პირველ რიგში, საბოლოოდ დადგინდა ვინ და რა მიმართულებით მიდის. ეს მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ქართველ ძმებს შორის იყო და არის კიდეც გარკვეული კითხვის ნიშნები, თუ რომელმა იურისდიქციამ უნდა შემოიტანოს სინათლე საქართველოში. პრინციპულად ყველა ჩამოყალიბდა, ვინც კიდევ გარკვეულწილად ფიქრობს, თუ სად და ვისთან არის მისი ადგილი, მას მზიანი ზაფხული წინ აქვს ამისთვის. არ დაგვავიწყდეს, რომ მასონობა არის დაფუძნებული თანასწორობაზე, თავისუფლებაზე, ძმობაზე, ჰუმანიზმზე, ჭეშმარიტებაზე და დესპოტიზმის-ჰეგემონიიის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ილუმინაცია (და არა ილუმინატები) არის გაბრწყინება, განათება, გონის, აზროვნების, სულის. არიან ისეთები, ვისაც დღევანდელი ქათამი ურჩევნია და, შესაბისად, ნაკლებად ფიქრობს ხარისხზე, რეალობაზე და მომავალზე. არიან სხვები, ვინც, სავარუოდოდ ფიქრობს, რომ ყოველივე უბრალოდ „რაინდული თამაშობანია“ და დიდება სამყაროს დიად არქიტექტორს, რომ არიან ისეთებიც, ვინც მზად არის გაწიროს დღევანდელი ყოფითი და სხვა სახის პრივილეგიები და იზრუნოს ქართულ გენზე, ქართულ საქმეზე, ღირსეულ მომავალზე და ჭეშმარიტ მასონურ ორდენზე და არა მის „მიმსგავსებულ“ კვაზი ორგანიზაციაზე. მინდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ არის ხალხი, ვინც მიუხედავად იმისა, რომ მავანი თვლის თუ არა მათ საერთოდ „ქართველებად“ და არა „სატანისტებად“, ორიენტირებულია სახელმწიფოებრივ, ქართულ ინტერესებზე, მნიშვნელოვანია დედა ეკლესიის სიმტკიცე და, მიუხედავად იმსია, რომ არ ერევა რელიგიურ არცერთ დისკუსიასა თუ საქმიანობაში, დგას ეროვნული გენის, ღირსების, ტრადიციების, თვითმყოფადობის და ღირსეული მომავალის სადარაჯოზე - ჰუმანიზმის, ლიბერალიზმის, ტოლერანტულობის და მრავალფეროვნების ყველა ფასეულობისა და პრინციპის დაცვით.

პროცესები მიმდინარეობს ღირსეულად, თავის კალაპოტში, ორდენი ვითარდება ღირსეულად, დღეს ერთი კლუბის ნაცვლად უკვე სამი კლუბი შეიქმნა იმ ერთი გუნდის საფუძველზე, რომელიც აძლიერებდა პირველ ქართულ მასონურ კლუბს. ახალი კანდიდატების მიღებაც ამ სამ კლუბში მოხდება. კლუბები ინდივიდუალიზმით, დამოუკიდებლობით, სიმტკიცით და მიზანდასახულობით გამოირჩევა. გასავლელი გზა საკმაოდ გრძელია, სიჩქარე მხოლოდ ავნებს ქართულ საქმეს. დარწმუნებული ვართ, რომ ის გრაფიკი, რომელიც შერჩეულია და რომელსაც მივყვებით, საკმაოდ ადეკვატურია არსებულ რეალობასთან.


და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ მეცენატს, მეგობარს, ძმას, ჩვენი ქვეყნის თუ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, ვინც მხარს გვიჭერდა, გვიჭერს და მომვალშიც აპირებს ამ აქტიური მხარდაჭერის გაგრძელებას. ეს ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით წელს, რომელიც გადამწყვეტი საფეხურია, ფაზაა მასონური ორდენის სამომავლო განვითარების კუთხით.

ჩვენი აქტივობის და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას დაინტერესებული ადამიანი მიიღებს სოციალური ქსელის ფეისბუქის (ჯგუფის სახელწოდებაა: ქართული მასონური ორდენი - მასონები საქართველოში) და ტვიტერის (twitter.com/GeoMasons) მეშვეობით, აგრეთვე ოფიციალური ბლოგზე (geomasons.blogspot.com) და, რაც მთავარია, შესაძლებელია აქტიური ონლაინ კომუნიკაცია სოლომონ ასურელთან, იგივე ფეისბუქის მეშვეობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100