რა არ უნდა მისცეს ქალიშვილმა ვაჟს?

არა, ეგ არა!

თქვენ კარგად ვერ მიგვიხვდით!

ეგ რა ჩვენი საქმეა – მაგ საკითხს თვითონ ქალიშვილი მიხედავს, თავისი ზნეობის, გრძნობისა და ვითარების გათვალისწინებით.

ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა გვეთქვა, რომ ფსიქოლოგებმა დაადგინეს 7 საიდუმლო უწყება, რომელიც არაც და არამც არ უნდა გასცეს ქალიშვილმა, რაგინდ რა სიახლოვე ჰქონდეს ვაჟთან!

როდესაც ქალიშვილს სერიოზული ურთიერთობები აქვს ვაჟთან, მას ხშირად უჩნდება გულის გადახსნის მომეტებული განცდა და ამ დროს მისი გულახდილობა და მიმნდობლობა შესაძლოა გადავიდეს გარკვეულ საზღვარს, რასაც, სწორედ რომ არ ურჩევენ მას. არა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იგი საგანგებოდ რაღაცეებს უნდა უმალავდეს მას, მაგრამ არსებობს ბარიერები, რომელთა გადაცდომაც არ არის რეკომენდებული. მაშ ასე, რა არ უნდა მისცეს ქალიშვილმა ვაჟს?

1. ცნობები საკუთარი ფიზიკური პრობლემების შესახებ

შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და, როგორც ყოველი ჩვენთაგანი, დადიხარ ტუალეტში, ზოგჯერ გაწუხებს გულის რევის გრძნობა, ან რაიმე ფიზიკური დისკომფორტი. მაგრამ, გახსოვდეს, ვაჟებს ზოგადად წარმოდგენა აქვთ ქალებზე, როგორც ცით მოვლენილ, ფეერიულ არსებებზე. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამით იხიბლებიან ისინი. ამიტომ, სრულებით არ არის საჭირო მასთან საუბარი საკუთარი მენსტრუალური ციკლისა და კუჭის აშლილობის დეტალებზე. მსგავსი რამ საწუხარი შენს დღიურებს გაუზიარე!

2. საიდუმლო მონაცემები საკუთარი მეგობარი გოგონების შესახებ

ეს ხომ სრულიად არ არის ძნელი. შენი მეგობრები გენდობიან და იმასვე ელიან შენგანაც. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, რომ შენ მათი საიდუმლოს გაცემა შეგიძლია; შენს გულში ჩაიხედე, შენც ხომ არ გინდა, რომ შენი საიდუმლო ვინმემ იცოდეს? ამიტომ, დაიცავი მათი საიდუმლო. შენ ვერც წარმოიდგენ, როგორი შინაგანი წინააღმდეგობით აივსება შენი სატრფო, შენგან მეგობარ გოგონებზე ჭორების მოსმენისას; ერთი, ყურები დამაცობინაო – ინატრებს; თანაც, ხომ შეიძლება მას ჰყავდეს მეგობარი, რომელიც იმ შენს მეგობარს იცნობს?! კარგი და, ვერ მოითმინა და მოუყვა იმ თავის მეგობარს, რასაც შენ უყვები შენსაზე?! რამდენი ადამიანური ინტერესი, ბედ–იღბალი და ცხოვრებისეული მიზნები შეეჯახება ერთმანეთს?!

3. შენი კბილის ჯაგრისი

კი, ბატონო, შენ შეიძლება ჰკოცნი კიდეც შენს შეყვარებულს და იქნებ ერთი ჭიქიდანაც სვამთ სასმელს. მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ოცდამეერთე საუკუნეში და მეცნიერულად ვიცით ჰიგიენის მნიშვნელობა მათზე უკეთ, ვინც ორასი წლის წინ ცხოვრობდა. ძვირი არ დაგიჯდება – იყიდე მისთვის და შენთვის სხვადასხვა ფერის ორი ჯაგრისი, რომ არ შეგეშალოთ და ასე, ინდივიდუალურად გაპიროვნებული ჯაგრისით იხეხეთ კბილები.

4. შენი ელექტრონული ფოსტის პაროლი!

თუ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან არა გვაქვს საქმე, ან უკვე შემდგარ ცოლ–ქმრობასთან, გადაწყვეტით უნდა უთხრა – არა! თუ შენ მას გაანდობ შენს პაროლს, ეს აცდუნებს მას დროდადრო ჩაიჭყიტოს შენს კორესპონდენციებში, რაც გამოიწვევს ურთიერთობის სრულიად ზედმეტ დაძაბვას და უნდობლობას თქვენს შორის.

5. საბაბი, მის დედასთან შენს ნეგატიურ დამოკიდებულებაზე დაეჭვებისა

ყოველთვის მოიძებნება რომელიმე თქვენს შორის, რომელსაც გაუჭირდება მეორის ნათესავებთან ურთიერთობის ან ერთად ცხოვრების შეგუება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რონ შენ დაწვრილებით ჩამოუსახელო ის მიზეზები, თუ რატომ არის დედამისი მიუღებელი შენთვის. მას შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ შენ აიძულებ მას, გააკეთოს არჩევანი შენსა და საკუთარ დედას შორის. ამან შეიძლება თქვენი ურთიერთობები გააუარესოს. თუკი პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ მისი იგნორირება გაგიჭირდება, ძალიან ფაქიზად სცადე ქარაგმულად მინიშნება. თუ ვერ გაგიგო, ნუ იჩქარებ, მიეცი დრო, რომ კარგად შეაფასოს სიტუაცია.

6. მიზეზი, შენგან საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენის აღმოჩენისა.

თუკი მიგაჩნია, რომ თეძოები მეტისმეტად გაგისქელდა, კბილები ოღრო–ჩოღროდ ამოგეზარდა, ან შენი თმები საკმარისზე უხეშად გეჩვენება, ეცადე ხშირ–ხშირად არ შესწუწუნო მას ამაების თაობაზე. მამაკაცებს არ სიამოვნებთ ქალის მიერ საკუთარი სხეულის და აღნაგობის მიმართ გადამეტებული ყურადღება. ის თავის თავს გულმშვიდად მიიჩნევს მშვენიერი აღნაგობის მამაკაცად. ის ახლა შენს გვერდით არის. მან თავის გულისსწორად სწორედ შენ აგირჩია და თუ შენ მოსწონხარ ისეთი, როგორიც ხარ, შენ რაღა დაგემართა, რით ვერ მოიწონე საკუთარი თავი? ამასთანავე, როდესაც საკუთარ ნაკლოვანებებზე უმახვილებ ყურადღებას, შეიძლება ისეთი რამ დაანახვო, რაც ადრე არ შეუნიშნავს შენში.

7. დაწვრილებითი ინფორმაცია შენი წარსულის შესახებ

რა თქმა უნდა, არ უნდა დაუმალო შენი წარსული ადამიანს, ვისთანაც სერიოზული უთიერთობები გაქვს, მაგრამ არ არის საჭირო, მისხალ–მისხალ ჩამოუკაკლო, რამდენ ვაჟთან გქონია სასიყვარულო პაემანი და რამდენს უკოცნია შენთვის. არც იმის თქმაა საჭირო, რა უყვეს შენმა მეგობარმა გოგონებმა იმ ბიჭებს, ვინც შენ გული გატკინა. ამის მოსმენის შემდეგ, შენი რჩეული დაიწყებს ფიქრს იმის თაობაზე, თუ რამდენად შეეფერები მის ამბიციებსა და წარმოდგენებს. ნუ მისცემ მას ტყუილუბრალოდ, ზედმეტი ეჭვიანობის საბაბსა და მიზეზს.

მართალია, შენ უნდა გქონდეს მასთან პატიოსანი და გულახდილი დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენი ინტიმური წვრილმანებით უნებურად გააღიზიანო იგი და კარგად არ დაფიქრდე – რას მოგიტანს გადამეტებული გულახდილობა, მით უფრო, თუ ეს გულახდილობა არაფერს მატებს თქვენს ურთიერთობას!

კომენტარი