„რუსულის გაკვეთილები“ - 1908 წელი

ამ რუბრიკით, რომლის დასათაურება ცნობილი რუსული ფილმის სახელწოდებიდანაა აღებული, „დრონი.ჯი“ სხვადასხვა დროს საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ მზაკვრულ გეგმებზე გიამბობთ.

1908 წელს საქართველოში რუსი ეგზარქოსი მოკლეს. მკვლელობა ავტოკეფალისტებს, ანუ იმ ქართველებს დაბრალდათ, რომლებიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, პერსპექტივაში კი რუსეთის მონობიდან ქვეყნის დახსნას ისახავდნენ მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ ჟანდარმერიამ მკვლელობა ორ დღეში გახსნა და მკვლელიც დააკავა, პეტერბურგიდან მიღებული ბრძანების შემდეგ ის გაუშვეს, მკვლელობაზე კი მათთვის ხელსაყრელი ვერსია გაავრცელეს. ამ მკვლელობით რუსეთმა კარგად შეასრულა იმპერიის მონობაში საქართველოს დატოვების გეგმა.

როცა წინა ეგზარქოსი წავიდა, საქართველოს სამღვდელოებამ წერილი მისწერა რუსეთის საპატრიარქოს - ქვეყანაში მძიმე ვითარებაა და ახალი ეგზარქოსის გამოგზავნას ნუ იჩქარებთო. ეგზარქოსი ნიკონი მაინც ჩამოვიდა და მეტიც - ჩამოსვლისთანავე რეპრესიები დაიწყო. ნიკონის თავხედობის ზენიტი ქართველი სასულიერო პირების კრების დარბევა იყო: მღვდლები ეზოში გამოიყვანეს და სახალხოდ გაამათრახეს. ამ ქმედებას საფუძვლად სემინარიის რუსი რექტორის განცხადება ედო - ქართველებს ჩემი მოკვლა უნდოდათო. ქართველი მღვდლების ცემა კარგი საბაბი უნდა ყოფილიყო შურისძიებისთვის და თუმცა ქართველებს ეს გულშიც არ გაუვლიათ, რუსეთმა გაივლო და „შურისძიება“ დაგეგმა კიდეც: ნიკონმა არც კი იცოდა, რომ იმ დღიდანვე, რაც მისი საქართველოში წარგზავნა გადაწყდა, განწირული იყო:

პეტერბურგიდან მოსული საიდუმლო გეგმის მიხედვით, ტერორისტი კახეთიდან ჩამოიყვანეს და დაარიგეს, როცა ეგზარქოსი ნიკონი ზურგით შებრუნდება, ესროლეო. პირველ დღეს ტერაქტი ვერ შედგა, რადგან მკვლელმა ნიკონი ზურგით ვერ მოიხელთა. მეორე დღისთვის რევოლუციონერებმა ეკლესიიდან განდევნილი რუსი მღვდელი, ობრაზცოვი მოძებნეს და დაავალეს, ნიკონი რომ გამოჩნდება, დაელაპარაკე და ისე მოახერხე, რომ ქუჩისკენ ზურგით შებრუნდესო. ობრაზცევმა დავალება პირნათლად შეასრულა: ნიკონს დახვდა და ლაპარაკი გაუბა. როგორც კი ნიკონმა ქუჩას ზურგი შეაქცია, ტერორისტმა მაშინვე ესროლა.

ჟანდარმერიას პეტერბურგიდან შემდეგი გზავნილი მოუვიდა: იმ ხალხის სია, ვინც უნდა დაესაჯათ ნიკონის მკვლელობისთვის. სიაში იყო ეპისკოპოსი კირიონიც. საქართველოდან პეტერბურგს მოკრძალებით შეჰკადრეს - კირიონი როგორღა დავსაჯოთ, გადასახლებულიაო. „იდეურ მკვლელად გამოაცხადეთ!“ - მოვიდა პასუხი.

ნიკონის მკვლელობისთვის სხვადასხვა ფორმით პასუხისგებაში მისცეს 62 კაცი. მათ შორის იყვნენ მომავალი პატრიარქები: ლეონიდე ოქროპირიძე, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, ასევე რამდენიმე ათეული მღვდელი - ავტოკეფალიის მომხრეები და მხარდამჭერები. ნიკონის მკვლელობის შემდეგ, კონტროლის გაძლიერების საბაბით, ბერთუბნის, გელათისა და შიომღვიმის მონასტრებს 1917 წლამდე უთვალთვალებდნენ.

კომენტარი