თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

„თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც დღეს 18 კომპანიას აერთიანებს, 25 წლის გახდა. 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი მცირე ზომის მაღაზიით იყო წარმოდგენილი, დღეისათვის უკვე საერთაშორისო კომპანიაა და მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში აქვს.

„თეგეტა მოტორსის“ ბიზნეს მოდელი უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ის აერთიანებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე სამშენებლო ტექნიკის მომსახურების სრულ სპექტრს. საქართველოს მასშტაბით კომპანიის 26 ფილიალი ემსახურება 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორატიულ მომხმარებელს.

ევროპული სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის შეფასებით, „თეგეტა მოტორსის“ რეიტინგი BB- კატეგორიით და სტაბილური ხედვით შეფასდა (Outlook Stable). კომპანიის მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით (BB-) და დაბალი ბიზნეს რისკის მიმართულებით (BB-). ევროპული სარეიტინგო კომპანია „თეგეტა მოტორსს“ ბაზრის ლიდერად აფასებს, რაც გამყარებულია ჯგუფის ძლიერი პოზიციებით როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. „თეგეტამ“ ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალეობის ჯილდო მიიღო.

„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო გავლენიანი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგის მოპოვება 2017 წელს. 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური პოზიცია და 3 საფეხურით დაწინაურდა საკრედიტო რეიტინგში, აღსანიშნავია რომ BB- რეიტინგი საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიას გააჩნია და უპრეცენდენტოა რეგიონალურ საავტომობილო სფეროში. 2018 წელს „თეგეტა მოტორსმა“ 30 მლნ. ლარის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია იყო. ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგში 2019 წლის მაისში განხორციელდა.

საავტომობილო ინდუსტრიაში „თეგეტა ჰოლდინგი“ მსუბუქი ავტომობილების დიდ პორტფოლიოს ფლობს. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ „პორშეს“, შვედურ საავტომობილო გიგანტ „ვოლვოს“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტენიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა „მანი“, „ჯე-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. 2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი“ „Groupauto International“-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. კომპანიამ ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მიმართულებით და ქვეყანაში შემოიყვანა თანამედროვე, ეკო მეგობრული საქალაქო ავტობუსები, რომლებიც ასევე ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

„თეგეტა ჰოლდინგი“ 3 000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება. ჰოლდინგი საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ბიზნესის პროცესების ავტომატიზაციის და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გერმანული პროგრამა SAP დანერგა. „თეგეტა“ ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ავტომობილების გაყიდვის და მომსახურების სფეროში ISO 9001 : 2009 და ISO 9001 : 2015 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს ფლობს. „თეგეტა მოტორსმა” წარმატებით გაიარა ინსპექტირების გარე საკონტროლო აუდიტი, დანერგა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვის (ISO 18001:2007), ასევე გარემოს დაცვის მენეჯმენტის (ISO 14001:2015) სტანდარტები.

„თეგეტა მოტორსმა” საქართველოში მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეები დანერგა როგორც საცალო, ასევე კორპორატიული სერვისის მიმართულებით, შექმნა საქართველოში პირველ ელექტრონული კომერციის პლატფორმას საავტომობილო სფეროში shop.tegetamotors.ge, რომელიც წარმოადგენს საავტომობილო პროდუქტებისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზიას.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს, ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა. „თეგეტა“ ერთადერთი ქართული კომპანიაა ინდუსტრიაში, რომელიც ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯს „თეგეტა აკადემიას“ ფლობს და ყოველწლიურად ასეულობით ახალ თანამშრომელს ამზადებს საავტომობილო სფეროსთვის. პროექტის „მწვანე თეგეტას“ ფარგლებში, კომპანია სისტემატურად ახორციელებს მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებში, ამ მიმართულებით კომპანია ყოველწლიურად ატარებს კამპანიას „არ გამბოლო“. ასევე კომპანიას ორგანიზებული აქვს მეორადი საბურავებისა და საავტომობილო ზეთების უსაფრთხო გადამუშავების საკითხი. ასევე შემუშავებული აქვს ნარჩენების მართვის პოლიტიკა და სისტემატურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ამ მიმართულებით. „თეგეტა მოტორსი“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნას ახორციელებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში ინოვაციური პროექტების განხორციელებას.

კომენტარი