რა დავალებებს აძლევს სოსო პავლიაშვილს სიდედრის და?

კვირა არ გავა, რუსეთში მცხოვრები, წარმოშობით ქართველი და ცნობიერებით გარუსებული ადამიანები, რუსულ მედიაში რომ არ გამოხტნენ და თავიანთ ისტორიულ სამშობლოზე ლანძღვა-გინებით თავი არ გამოიჩინონ.... ახლა, ყველა ქართველყოფილს, ვინც რუსეთიდან ილანძღება, არ ჩამოვთვლი (ან რა ჩამოთვლის, იმდენი არიან), მაგრამ ერთზე მინდა მოგახსენოთ.

სოსო პავლიაშვილი გაიძახის, მე პოლიტიკოსი არ ვარ და ქართულ-რუსული აწეწილი ურთიერთობა პოლიტიკოსებმა უნდა დაალაგონო, მაგრამ ამ ურთიერთობების შეფასებაზე როცა მიდგება საქმე, ისეთ სითამამეს იჩენს, ნებისმიერ პოლიტიკურ ექსპერტს შეშურდება.

სოსო პავლიაშვილი თავის დროზე საქართველოში ერთ-ერთი უსაყვარლესი მომღერალი იყო. „იურმალას“ პირველი ქართველი გამარჯვებული. სხვათა შორის, არ მინდა ამ კაცს დაავიწყდეს, რომ მაშინ, იურმალაში გამარჯვება სიმღერამ „თავისუფლება“ მოუტანა. ამ თავისუფლებას კი, მაშინაც და ახლაც, საქართველო ცდილობს რუსეთს გამოგლიჯოს ხელიდან, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, რუსეთის გარდა, არავინ ემუქრება.

ბევრმა იქნებ არც ის იცის, ვინაა სოსო პავლიაშვილის ცოლი? ლუბოვ სლისკას დისშვილი. დიახ, ეს ის ლუბოვ სლისკაა, რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი რომ იყო, რუსულ პოლიტ-ელიტას თავის ჭკუაზე ატარებდა და ქართველთა მიმართ ყველაზე გესლიანი აგრესიით გამოირჩეოდა. რომ დაამსგავსა ასე სიძე სიდედრის დას, გაუგებარია!

პავლიაშვილი ქართველი ვაჟკაცის დამახასიათებელი შემართებითა და რიხით აცხადებს, მერე რა, თუ ლუბოვ სლისკას დისშვილია ჩემი ცოლი, სიდედრის და ჩემი ოჯახის საქმეებში არ ერევაო. კი, პავლიაშვილის მცირეწლოვან შვილებს ქალბატონი ლუბოვი პამპერსებს რომ არ გამოუცვლის, ეს გვჯერა, მაგრამ ისიც კარგად გვახსოვს, ევროსაბჭოში რუსეთის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარე სლისკა ლამის ევროპის ყველა ქვეყნის საქმეებში ყოფდა ცხვირს და ეგღა აკლია, მისთვის სულ ერთი იყოს, რუსული შოუ-ბიზნესის სიძე-ვარსკვლავის პოლიტიკური ხასიათის განცხადებები.
სლისკა ძველი „კაგებეშნიკია“, დუმაში „ფეესბეს“ კვოტით მოხვდა და ის ვიცე-სპიკერობაც „ფეესბეს“ კვოტით ერგო. ეს მთელმა რუსეთმა იცის რატომღაც, მისი სიძის გარდა. მაგარი ბიჭია პავლიაშვილი და ერთი პროქართული განცხადება გააკეთოს, სიდედრის და, ეგრევე აუღებს მოსკოვი-ბაქო-თბილისის შემოვლით ბილეთს და იქნებ ის თავისი დისშვილიც უკან გამოაყოლოს.

სლისკა ცხვირს კი არ ჰყოფს პავლიაშვილის ოჯახში, მთლიანად აკონტროლებს მას და ყოფილ ქართველ ვარსკვლავს, ერთი ფრაზაც რომ წამოცდეს რუსული პოლიტელიტის დასაწუნი, წამსვე გააცამტვერებენ მასაც და მის იმიჯსაც, რომლის შექმნაშიც, სხვათაშორის, სოლიდური წვლილი მიუძღვის.

და ერთიც, სოსო პავლიაშვილმა თავის დროზე სიამაყით განაცხადა, ჩემი ვაჟი სუვოროვის სამხედრო სასწავლებელში სწავლობს, არტილერისტი უნდა გამოვიდესო. ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ჩემი გათვლით, ამ ახალგაზრდას ეს სასწავლებელი უკვე დასრულებული ექნება და, ცხადია, არტილერისტად იმსახურებს იმ ქვეყნის ჯარში, რომლის მოქალაქეცაა.

პავლიაშვილი - უმცროსი რუსეთის მოქალაქეა და ცხადია, რუსეთის ჯარში მსახურობს ან, უარეს შემთხვევაში, იმსახურებს. „საქართველოს დიდ გულშემატკვარს“ სოსო პავლიაშვილის მინდა ვკითხო - ხვალ-ზეგ რუსეთის არმიამ კვლავ რომ შემოუტიოს იმ სუვერენულ, თავისუფალ საქართველოს, ერთ დროს თქვენ რომ უმღეროდით და თქვენი ვაჟი საქართველოს დასაპყრობად გამოგზავნონ, საინტერესოა, რას იტყვით მაშინ?

არადა, ვერ ვიტყვით, რომ არარეალური პერსპექტივაა და ჟურნალისტის ზე-ფანტაზიის ნაყოფია. რას იზამს თქვენი ვაჟი, თანამედროვე „გრადებით“ გადაბომბავს თქვენს მშობლიურ თბილისს?

ასე რომ, ბატონო სოსო, ცოტა წინ თუ გაიხედებით და პოლიტიკურ რევერანსებს რუსი პოლიტიკოსების მიმართ დროულად შეეშვებით, ურიგო არ იქნება.

რაც შეეხება ალექსანდრე ხუბუტიას დაფინანსებულ სიმღერას და კლიპს თქვენი და რევზინის შესრულებით, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, მით უფრო, ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმის დასტურად, თუ ვინ უკვეთავს რუსეთში მუსიკას და ვის დაკრულზე ცეკვავენ და მღერიან რუსეთში მოსაქმე ქართველი მომღერლები.


კომენტარი