სიგარეტის კონტრაბანდა 23%-ით გაიზარდა, ბიუჯეტმა აქციზური შემოსავლების 20% ვერ ამოიღო

თამბაქოს კონტროლის ალიანსმაკვლევის - გადასახადების გავლენა სიგარეტის უკანონო ვაჭრობაზე საქართველოშიმესამე ტალღის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ხელით გასახვევი თამბაქოს მოხმარება 5%-დან 22-23%-მდე გაიზარდა.

ორგანიზაციამ მწეველები დედაქალაქში და რეგიონებში - სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში გამოკითხა. კვლევა სამ ეტაპად ჩატარდა. პირველი ტალღის დროს, რომელიც სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა 2017 წლის ნოემბერში ჩაატარა, სიგარეტით უკანონო ვაჭრობის შემთხვევების 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მათ შორის თამბაქოს ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობა აფხაზური აქციზით იყო. მეორე კვლევის ტალღამ, 2018 წლის ნოემბერში, კონტრაბანდული სიგარეტის 14%-მდე ზრდა აჩვენა. ხოლო ბოლო, მესამე კვლევის დროს, რომელიც 2019 წლის აპრილში ჩატარდა, უკანონო ვაჭრობის 23%-მდე ზრდა გამოვლინდა.

გვაქვს ტენდენცია, რომ ხელით გასახვევი თამბაქოს მოხმარება გაიზარდა, ამის შესახებ ჟურნალისტებს თამბაქოს კონტროლის ალიანსისხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განუცხადა. 1 კილოგრამი ხელით გასახვევი იმპორტირებული თამბაქო 35 ლარით უნდა დაბეგრილიყო, მაგრამ ასე არ ხდებოდა. კვლევამ დაადასტურა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, უკანონო ვაჭრობის თვალსაზრისით, აფხაზეთის ტერიტორიაზე გვაქვს. სიგარეტები აფხაზური აქციზით საქართველოში არ უნდა იყიდებოდეს. კონტრაბანდული ანუ გაყალბებული თამბაქოს ნაწარმი თურქეთში მზადდება, გემებით აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოდის, ხდება მისი აქციზით დაბეგვრა, შემდგომ უკვე შემოედინება ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.

ოფიციალური მონაცემები კი მოწმობს, რომ ახალი რეგულაციების შედეგად ბიუჯეტმა აქციზის გადასახადის საპროგნოზო მოცულობის დაახლოებით 20% ვერ მიიღო.

აკაკი ცომაია (ეკონომისტი): სიგარეტის გაძვირების მიუხედავად, მასზე დამოკიდებული ადამიანები ვერ ამცირებენ მოხმარებას, ვინაიდან მომხმარებელს აქვს ალტერნატივა, გადაერთოს უფრო იაფფასიან საშუალებაზე, რომელიც შეიძლება იყოს უფილტრო სიგარეტი ან სხვა სახის თამბაქო. ჩვენ შემთხვევაშიც, მწეველებმა გაძვირებული სიგარეტი ამ ტიპის თამბაქოთი ჩაანაცვლეს და საერთო ჯამში მოხმარება არ შემცირებულა. მიზანს, რომ აქციზის ზრდით მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარება შემცირდეს, ხელისუფლება ვერ მიაღწევს. უფრო მეტიც, მწეველთა ნაწილი გაცილებით მავნე პროდუქტს იღებს და მისი ჯანმრთელობა იმაზე მეტად ზიანდება, ვიდრე ეს იყო ადრე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ თავისთავად მოიმატა ქვეყანაში კონტრაბანდული გზით სიგარეტის შემოტანამ, რაც ასევე დიდ პრობლემას ქმნის.

ივანე ხასია (ჯეი-თი-აი-ს კორპორაციული დირექტორი): შემოსავლების სამსახურის მიერ იმპორტიორებზე გაცემული აქციზური მარკების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ 2 კვარტალში 52%-ით არის შემცირებული. ეს ნიშნავს, რომ თამბაქოს ნაწარმის კანონიერი ბაზარი საგრძნობ კლებას განიცდის. ამაზე სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეაგირება. მინიმუმ ე.წ. შესახვევი თამბაქო უნდა დაექვემდებაროს იგივე სტანდარტებს, რაც ფილტრიანი სიგარეტისთვის მოქმედებს. საგადასახადო კუთხით არსებული ეს ხარვეზი, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა გამოსწორდეს. შეიძლება ითქვას, რომ ბაზარი ჩამოქცეულია და დარეგულირება სწრაფი ჩარევის გარეშე უკვე გამორიცხულია.

საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, ბიუჯეტს უკვე მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს. ამას აღიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. გაზრდილია კონტრაბანდული სიგარეტის შემოდინება ქვეყანაში და გაზრდილია შესახვევი თამბაქოს იმპორტი, რომელიც რეგულირებას არ ექვემდებარება. შემოსავლებს კარგავს კანონიერი ბიზნესი, ბიუჯეტი და ყველაზე მეტად ზარალდება მომხმარებელი, რომელიც დაბალი ხარისხის, მავნე ნივთიერებების შემცველ თამბაქოს მოიხმარს, რაც ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა.

კომენტარი