16 წლის გოგომ საკუთარი 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 წლის გოგომ, რომელიც 7 თვის ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში საკუთარი შვილი საწოლში ეტლში გაგუდა.

მამამ გარდაცვლილი ბავშვი 21 მაისს, დილით, 05:00 საათზე, საბავშვო ეტლში იპოვა, მისი 16 წლის ცოლი კი სახლიდან იყო გაქცეული. როგორც ირკვევა, ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და ისე მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“ - აცხადებენ შსს-ში.


კომენტარი