ხმაური ზუგდიდის საოლქო კომისიასთან - რატომ გაიტანეს უბნებიდან საარჩევნო ბეჭდები და სიები არჩევნებამდე 5 დღით ადრე

დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენელ 4 დეპუტატს შორის გამთენიისას დასრულდა. კანონმდებლები მირანდა მესხისგან სხდომის დანიშვნას ითხოვდნენ, რაზეც კომისიის თავმჯდომარემ უარი განაცხადა. ოპოზიცია პასუხს ითხოვდა - რატომ გაიტანეს უბნებიდან საარჩევნო ბეჭდები და სიები არჩევნებამდე 5 დღით ადრე. თუმცა, კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ კანონი არ დარღვეულა და ოპოზიციას სპეკულაციებში ადანაშაულებს. საკუთარი პროტესტის გამოხატვას ოპოზიციის აქტივისტები და მომხრეები რამდენიმე საათში უკვე საოლქო კომისიასთან აქციაზე გეგმავენ.

"იყო მცდელობა არჩევნების გაყალბების არჩევნებამდე 5 დღით ადრე. ვითხოვთ მირანდა მესხის გადაყენებას საოლქო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან და ასევე ჩვენ ვითხოვთ რომ შეიცვალოს ბეჭდები, ცესკომ გამოაგზავნოს ახალი ბეჭდები იმიტომ, რომ ასე ბეჭდების გატანა, შემდეგ დაბრუნება ჩანთებით, ღია პარკებით, ეს არის აბსოლუტურად ყველა პროცედურის დარღევა,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

ზუგდიდში იმყოფება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფიაც, რომელიც სიების დაბრუნების პროცესს აკვირდებოდა.

"სიების უმრავლესობა ჩვენ უკვე დავაბრუნებინეთ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ეს პროცესი მიმდინარეობს ჯერ ბოლომდე ყველა უბნიდან არ არის გამოგზავნილი ეს სიები,"-აცხადებს ნაყოფია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ ფაქტით დაადასტურა, რომ არჩევნების გაყალბება სურს.

"ეს არის მზადება პირდაპირ იმისთვის, რომ აქ არჩევნები არ ჩატარდეს ფაქტიურად და დაიწეროს ის მონაცემები, რა მონაცემებიც აწყობს ხელისუფლებას,"-აცხადებს ბოტკოველი.

ბრალდებებს პასუხობს ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი. იგი განმარტავს რომ მას კანონი არ დაურღვევია.

"კანონი არ დამირღვევია გავეცი კედლის სიები, გავეცი ამომრჩევლის ბარათები. ზუსტად ამ გამჭვირვალობის ამომრჩევლის უსაფრთხოების, სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით მობრუნებულია სიები. არ მობრუნდა ბეჭდები და არც მოვაბრუნებთ ამ ბეჭედს. ბეჭედი არის მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული, ეს არის ინვენტარი. ბეჭდის ლუქის მთლიანობა როდესაც დაირღვევა, ამას უბანზე ვნახავთ. მორიგი შოუსთვის მე სხდომას ამ საკითხთან დაკავშირებით არ გავმართავ,"-აცხადებს მირანდა მესხი.

კომენტარი