„უსამართლობის შეგძნებამ ძალიან დამღალა, ამ ქვეყანაში ვერ დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს“ - დაუსჯელობის სინდრომი და კრიმინალის მატება, რომელსაც პროკურატურა საკმარისად არ იძიებს

ჩვენს ქვეყანაში რომ სამართალს მარტივად ვერ ვიპოვით, ეს უკვე კარგად გადამღერებული და სამწუხაროდ ცნობიერებაში გამჯდარი თემაა საზოგადოებისთვის. დამნაშავე ყოველთვის ეძებს გამოსავალს (ან ნაცნობს), რომ სასჯელს ან საერთოდ აარიდოს თავი, ან მინიმალური შეეფარდოს. სამწუხაროდ, ეს ხრიკი მოქმედებს და „ნაცნობობა“ და „ახლობლობა“ მათთვის სიმშვიდის გარანტია, დაზარალებულთათვის კი განუკითხაობის განცდის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი კომპონენტი. დაუსჯელობის სინდრომი ქვეყანაში კრიმინალის მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ეს კი საბოლოოდ როგორც საზოგადოებას, ისე ქვეყნის იმიჯს თელავს ფეხქვეშ.

დრონი.ჯი გთავაზობთ ინტერვიუს მორიგ დაზარალებულთან მამუკა ხამაშურიძესთან, რომელიც ერთ-ერთ მსგავს საქმეს არის შეჭიდებული და ეს ქეისი არც თუ ისე უცხოა ჩვენი მკითხველისთვის, სცენარი იგივეა, განსხვავება კი მხოლოდ მოქმედ გმირებშია.

-ყველაფერი დაიწყო 2016 წლის 31 აგვისტოს. ღამით სტუმრებს ვაცილებდი სახლიდან, გურამიშვილის გამზირზე ტრასამდე გამოვყევი მათ, რათა ტაქსი გამეჩერებინა. დავუქნიე ერთ-ერთ ტაქსის და მის გვერდზე მიმავალმა პრადოს ჯიპის მძღოლმა ჯერ შეანელა, შემდეგ უკან სვლით წამოვიდა ჩვენსკენ და გააჩერა. ფანჯარას ჩაუწია და ხელს ვის უქნევო - საქმის გარჩევა დაიწყო. ვუხსნიდი, რომ ტაქსის გაჩერება მინდოდა და მისთვის ხელი არ დამიქნევია. ხელში თანხა მეჭირა, რომელიც ტაქსის მძღოლისთვის უნდა გადამეხადა. ის ჯერ მომაჩერდა ხელებში და მერე დამცინავად მითხრა, მე წავიყვან შენს სტუმრებსო. მე არ მესიამოვნა ეს ნათქვამი, მარტო იყო, პრადოს ჯიპით, სად უნდა წაეყვანა ჩემი მეგობრები, უარი ვუთხარი. გადმოვიდა ავტომობილიდან, პრეზიდენტთან ვმუშაობო მითხრა და ისევ გააგრძელა საქმის გარჩევა. ეტყობოდა, რომ საკუთარი თავის წარმოჩენასა და ჩვენს გაღიზიანებას ცდილობდა. ცოტა ხანში ხელით შეხებაზე გადმოვიდა, მერე საბუთები მომთხოვა. მეგონა, მართლა ისეთ უწყებაში მუშაობდა, რომ ჰქონდა საბუთების მოთხოვნის უფლება. მე თან არ მქონდა წამოღებული და მხოლოდ სახელი და გვარი ვუთხარი ჩემი. ცოტა ხანში კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩემი მეგობრები შუაში გვიდგებოდნენ და აჩერებდნენ მას. ამის შემდეგ ამოიღო იარაღი და კონდახი ჩამარტყა თავში. ადგილზე დავკარგე გონება და შემდეგ საავადმყოფოში გავიღვიძე.



- რა მოხდა დროის იმ შუალედში, როდესაც თქვენ გონება გქონდათ დაკარგული?

- როგორც ჩემი მეგობრები მიყვებოდნენ, ის ტიპი ჩახტა ავტომობილში და გაიქცა. ადგილზე მოვიდა სასწრაფო და საპატრულო პოლიცია, რომელიც მანამდეც იდგა მიმდებარე ტერიტორიაზე და არ ჩაერია ჩვენს ჩხუბში.

- პოლიციამ უშუალოდ დაინახა, როგორ ჩაგარტყათ კონდახი თავში?

- კი, იქვე იდგა, არც ისე მოშორებით. მათ ყველაფერი დაინახეს, მაგრამ ხმას არ იღებდნენ, არ ეგონათ, თუ ვიჩივლებდი.

- ისინი, როგორც მოწმეები, არ დაკითხეს სასამართლოზე?

- არა. საავადმყოფოში რომ ვიწექი, გამომძიებელმა დამირეკა და მკითხა, რომ დაეცით და თავი დაარტყით, როგორ ხართ ახლაო. მე ვუთხარი, რომ თავის დაზიანება დაცემისგან არ მაქვს და რომ დამნაშავემ კონდახი ჩამარტყა თავში. მითხრა, რომ ჩემს დასაკითხად გამოუშვებდა საავადმყოფოში ვინმეს. დაკითხვაზე რომ მოვიდნენ, მე ყველაფერი მოვყევი, რაც მახსოვდა, ზუსტად მივუთითე ის ადგილიც, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, აღმოჩნდა, რომ შემთხვევის ადგილი შეცვლილი იყო და სხვა ადგილი იყო მითითებული, რომელიც ნამდვილისგან 80 მეტრის მოშორებით იყო. ასევე ერთი გარემოება - ექსპერტიზაზე სხვა დოკუმენტაცია წაიღეს. იქ წერია, რომ მსუბუქი დაზიანება მქონდა თავის არეში.




- რამდენად მძიმე დაზიანება მიიღეთ შემთხვევის დროს?

- თავის ქალის ძვალი გამიტყდა, საჭირო გახდა ამ ნაწილის ამოღება. ამჟამად პლასტმასის ჩასმას საჭიროებს ამ ცარიელ ადგილზე. ვცდილობდით მოგვეძებნა ის ადამიანი და რომ მივაკვლიეთ, გვეუბნებოდნენ, რომ ხან ქალაქში არ იმყოფებოდა, ხან არჩევნებზე იყო გორში, მამაოს გაჰყვა და ა.შ. მე ჩივილს არ ვაპირებდი, უბრალოდ მინდოდა, რომ მას ადამიანური მომენტი გამოეჩინა, მოსულიყო, თუმცა თავის არიდება ამჯობინა.

პროკურატურას ყველაფერი შეცვლილი აქვს გამოძიების მსვლელობისას - იარაღი საქმეში არ ფიგურირებს, კამერის ჩანაწერები არ ჩანს, სხვადასხვა მიზეზით ცდილობენ ჩვენს მოტყუებას. საქმე მიმდინარეობს 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თუმცა, ეტყობა საკმარისი ფაქტები არ აქვთ, რომ განაჩენი დროზე გამოიტანონ. ფიქრობენ, რომ დავიღლები და ხელს ჩავიქნევ ამ საქმეზე ან საპროცესო მოლაპარაკებაზე წავალ. ახლა უკვე პრინციპის საქმეა, რომ დამნაშავე დააკავონ. სასამართლო პროცესები კი უსაშველოდ იწელება, ა ეტაპზე შემდეგი პროცესი როდის არის ჩანიშნული, ეგეც არ ვიცი, ხან პროკურორია შვებულებაში, ხან მოსამართლე, ხან დაცვის მხარე და ა.შ.

რაც შეეხება დამნაშავეს სანდრო მარტიაშვილს, რომელიც გირაოთი არის გარეთ, სანამ ბრალს დაუმტკიცებენ, სასამართლო დარბაზში მემუქრებოდა, ისიც და მისი ოჯახიც. მეუბნებოდნენ, რომ თუ ის ციხეში წავიდოდა, მისი გამოსვლის შემდეგ უარესი დამემართებოდა. ამ მუქარის შემდეგ მივმართე პოლიციას, ვიჩივლე პროკურატურაში, მაგრამ მხოლოდ იმას ივაღწიე, რომ გაფრთხილება მისცეს და ამით შემოიფარგლნენ. აღარ ვიცი სამართალი სად ვიპოვო, ამ ქვეყანაში ვერ მივაღწევ და ვერ დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, დამნაშავეებს კი ისეთი ზურგი აქვთ, არ და ვერ იჭერენ, უსამართლობის შეგძნებამ კი ძალიან დამღალა. ამ საქმის გარშემო უამრავი კითხვა მაქვს, ბევრი რამ თავად გამოვიძიე, რასაც პროკურატურა არ აკეთებდა, ბევრი დეტალი გამოიკვეთა, რაც კიდევ უფრო მიმძაფრებს განუკითხაობის განცდას.

კომენტარი