„ქალიშვილი არ მეგონა და იმიტომ გავაუპატიურე“ – ვის ეძახიან საქართველოში ბოზს?

თუ როდესმე მსოფლიოს მავანმა სოციოლოგიურმა სამსახურმა ორიგინალური გამოკითხვის ჩატარება გადაწყვიტა, რომელ ქვეყნებში ხდება ყველაზე მარტივად ქალისათვის ბოზის იარლიყის მიკერება, საქართველოს ტრიუმფის თუ არა, ალბათ, ერთ–ერთი მოწინავე ადგილის დაკავებისათვის სრულიად რეალური შანსი აქვს. საფუძველთა საფუძველი, ბუნებრივია, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გაორებულ ქართველთათვის ფრიად მტკივნეული თემა – ქალიშვილობის ინსტიტუტი და მისი თანმდევი მოვლენებია, რომელიც ამ საკითხს აპროვოცირებს კიდეც და ვარიაციებისთვისაც უკიდეგანო შესაძლებლობებს იძლევა.

ვის შეიძლება უწოდონ საქართველოში ბოზი? თუ საზოგადოებაში, რომელსაც ჩვენ განვითარებულს ვეძახით, მსგავსი ტერმინი ფრიად შეზღუდულ სოციალურ ფენაზე, კერძოდ, იმ კატეგორიაზე ვრცელდება, რომელიც ფიგურალურად რომ ვთქვათ, „პანელზე დგას“, საქართველოში ამ მიმართულებით დიდი მრავალფეროვნება შეინიშნება და საკუთარი ქვედინებებიც აქვს.

განათხოვარ ქალს, რომელიც პოტენციურად ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირისათვის „გათავისუფლებულია“, ასევე, ქორწინების გარეშე სექსუალური ცხოვრების მიმდევარ ნებისმიერ სხვა „მიმართულებას“, მეძავის ეპითეტის მისაკუთვნებლად, სრული შანსები ეძლევა. ქალს, რომელიც ქმარს გაშორებულია და სხვა მამაკაცი ჰყავს სექსუალურ პარტნიორად, ასევე, „გაბოზებული ცოლის“ იარლიყი ძალიან ადვილად ეკერება.

მეზობელ–მეგობარ–ახლობელ–ნათესავების მთელი კოჰორტის თვალში, განქორწინებული ცოლი, თუ მით უმეტეს, დედა, ლამის მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს ყოფილი ქმრის წინაშე ვალდებულებას, რომ სხვა მამაკაცი (ქორწინების გარეშე) აღარ იყოლიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ბოზია. ზოგჯერ ეს ყველაფერი იმდენად უკიდურეს მარაზმამდეც დადის , რომ ყველაფერი ტრაგიკომედიაში გადაიზრდება–ხოლმე. შემთხვევა მახსოვს, ერთ–ერთ პროვინციაში, ორი განქორწინებული გოგონა სოფლის „ბირჟაზე“ ჩავლისას, მამაკაცების წინაშე ხმამაღლა სიცილს ერიდებოდა, რათა თანასოფლელების თვალში „ავარდნილი გოგოს“ იმიჯი არ “გაენაღდებინათ“.

საქართველოში ისეთი შემთხვევებიც მრავლად არის ცნობილი, რომელთაც ლამის ჩვეულებრივი ტენდენციის სახე მიიღეს. მაგალითად, ახალგაზრდა ქალი, რომელიც თბილისის ერთ–ერთი პრესტიჟული უბნიდან იქვე, მახლობლად გათხოვდა, დაქორწინების შემდეგ მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ნარკოტიკებზე დამოკიდებული, ფსიქიკური პრობლემების მქონე ქმარი მას სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეუარაცხყოფას. ქალმა მშობლების ოჯახში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა, თუმცა სრულიად უშედეგოდ. მამა და ძმები, რომელთათვისაც განათხოვარი ქალის ცნება, ტრადიციულად, თითქმის მეძავის ცნებასთან ასოცირდებოდა, „უბანში თავი მოგვეჭრებას“ რკინის არგუმენტის მოშველიებით, გოგონას კვლავ უკან აბრუნებდნენ... გოგონა მონსტრ ქმართან, ალბათ, დღემდე იტანჯება, სამაგიეროდ, მისი ოჯახის წევრებს უბანში ამაყად გამოჩენის პრობლემა არ შექმნიათ...

წლების წინ, ერთ–ერთ ევროპულ ქვეყანაში ინციდენტი მოხდა: ავსტრალიიდან ჩასულმა ორმა ახალგაზრდა, სიმპათიურმა ქალბატონმა, ანკეტის შევსებისას, პროფესიის გრაფაში „მეძავი“ ჩაწერა. ქალბატონები სასწრაფო წესით დეპორტირებულ იქნენ საკუთარ სამშობლოში, სადაც მსგავსი ქმედება სრულიად მისაღებ მოვლენად ითვლება და კანონითაც დაშვებულია. 21–ე საუკუნეში, ისევე როგორც მრავალი საუკუნის წინ, მეძავისადმი დამოკიდებულება, თითქმის მთელ მსოფლიოში იდენტურია და ავსტრალიურ–ჰოლანდიური ლიბერალიზმი, ფაქტობრივად, გამონაკლისია...

თუმცა, განსხვავება ამ სტატუსის მინიჭების კრიტერიუმშია, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებასა და სოციალურ კულტურაში ხშირად კარდინალურად განსხვავდება. არ ვიცი, რა ხდება საქართველოს საზღვრებს გარეთ - სამხრეთით თუ სხვაგან, მაგრამ ჩვენს ქვეყანასა და მის გარშემო მდებარე რეგიონში სიტუაცია ამ კუთხით ფრიად სავალალო რომ არის, ამაზე ფაქტები ღაღადებენ.

მცირე ხნის წინ, რუსულმა საინფორმაციოებმა ასეთი ცნობა გაავრცელეს: ჩეჩნეთის ერთ–ერთი სოფლიდან, მოსკოვიდან ახალდაბრუნებული ქალბატონი გაიტაცეს, რომელსაც შვილი ქორწინების გარეშე ჰყავდა. ქალბატონი ერთ–ერთ სამხედრო ნაწილში ჰყავდათ დატყვევებული და მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუპატიურებდნენ. ეს - ჩეჩნეთში, სადაც ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებისათვის ბრალდებულ რუს ოფიცერს, მთელი ჩეჩნეთი, თვით რუსების მარიონეტი კადიროვის თაოსნობით, წლების განმავლობაში მოსაკლავად დასდევდა.

ფაქტია, რომ კავკასიაში, სადაც ქალის პატივისცემის შესახებ ლეგენდები დადის, ეგრეთ წოდებული სახელგატეხილი ქალის მიმართ, უკიდურესად სასტიკი დამოკიდებულება და, ფაქტობრივად, საზოგადოებრივი სტიგმაა. ამ კატეგორიაში კი შეიძლება გავიდეს ნებისმიერი ქალი, ვინც ქალწული არ არის და ოფიციალური მეუღლე არ ჰყავს.

ალბათ ყველას ექნება გაგონილი ფაქტები, რომელიც საქართველოში ხშირად მომხდარა, როცა ქალის გაუპატიურება იმით გაუმართლებიათ, რომ ქალიშვილი, შესაბამისად, „პატიოსანი ქალი“ არ იყოო. ერთი ასეთი რეზონანსული შემთხვევა ხუთიოდე წლის წინ ქართლის ერთ-ერთ რაიონში მოხდა და რაც ყველაზე დიდი ნონსენსი და ტრაგედიაა, გამომძიებელმა მოძალადის მსგავსი არგუმენტი, მის გამასართლებლად სრულიად საფუძვლიანად მიიჩნია.

ბოლოს კიდევ ერთი მცირედი გადახვევაც: საქართველოში უკვე დიდი ხანია მიდის დებატები პროსტიტუციის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. ბანაკის ორივე მხარე, ძირითადად, სოციალურ ქსელებში, საკუთარ მოსაზრებებს, უმეტესწილად, აგრესიის მოშველიებით ავითარებს. მართლმადიდებელ–ტრადიციული უმრავლესობის არგუმენტები უკვე ცნობილი, გადაღეჭილი და გაცვეთილია: ქართველობის წართმევა, ტრადიციების უარყოფა, ამორალობა, მასონების შემოსევა საქართველოში და ასე შემდეგ. მეორე ბანაკისთვის კი, პროსტიტუციის ლეგალიზება დასავლური ფასეულობების აღქმის უმაღლესი მწვერვალია. მათი არგუმენტები კი არანაკლებად გაცვეთილი და ანაქრონიზმი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საქართველოში ბევრისთვის, პროსტიტუციის ლეგალიზებას დასავლეთში გენდერული თანასწორების მხარდამჭერები, ჰუმანისტები, ახალი თაობის დემოკრატები და მათი თანამდგომნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, თვლიან რა მას ქალის დამცირება–დაკნინებად და მის „მოხმარების პროდუქტად“ ოფიციალურად დაკანონებას არასწორად მიიჩნევენ...

ეს იმის საილუსტრაციოდ (ასევე, ზემოაღწერილ უმძიმეს სურათთან შესადარებლად), თუ ჩვენთვის ოცნების მწვერვალად ან ტალახის სროლის ობიექტად (გემოვნების მიხედვით) ქცეულ დასავლეთში როგორ ფასდება ქალი (მისი მამაკაცთან თანასწორობის იდეა საზოგადოებაში), რომლის უფლებებისა და პატივისცემის საერთო სურათში, სულაც არ არის საჭირო საათნახევრიანი სადღეგრძელოების ფენომენის არსებობა და არც სამზარეულოდან ფქვილიანი ხელებით გამოყვანილი, მამაკაცთა სუფრასთან ატუზული, „საერთო პატივისცემით შემოსილი“ ოჯახის დიასახლისი ფიგურირებს სადმე...

კომენტარი