სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზერელე მოკითხვა: „როგორ ხარ?“ და პასუხი, რომელსაც ველით: „კარგად...“

გთავაზობთ ამონარიდებს სუროჟელი მიტროპოლიტის - ანტონის ზეპირი ქადაგებებიდან. ეს ქადაგებები და ანტონ სუროჟელის სხვა გამოსვლები გადაიცემოდა 70 – 90 - იან წლებში BBC - ის მაუწყებლობით, იბეჭდებოდა ფრანგულ, ინგლისურ, ბერძნულ გამოცემებში და ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. ბევრმა თეოლოგმა ანტონ სუროჟელს „მარტივი თეოლოგიის ფუძემდებელი“ უწოდა და იგი დღემდე მიჩნეულია თანამედროვეთაგან ერთ-ერთ უდიდეს ჰუმანისტ მართლმადიდებელ მოძღვრად. „დრონი.ჯი“ შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან ანტონ სუროჟელის„შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან“ ქართულ ენაზეც გამოიცა.

"... ჩვენ არ ვუყურებთ დანახვის სურვილით, ჩვენ არ ვუსმენთ გაგების სურვილით. თქვენ, ალბათ, შეგიმჩნევიათ: ასე ხდება, როცა დაღლილი ხართ და სხვის ცხოვრებაში ჩარევის სურვილი არ გაქვთ. ვიღაცას ხვდებით და ეკითხებით: "როგორ ხარ?" და ის ჩამქრალი ხმით, უსიცოცხლო გამოხედვით გპასუხობთ: "კარგად".

და თქვენ არ ეხმაურებით; მისი სიტყვები საკმარისია, სწორედ მათ ელოდით, მან თქვენ გაგათავისუფლათ ამ სიმძიმისგან, თქვენ თავისუფალი ხართ... ჩვენ რომ პატიოსნები ვიყოთ, ვეტყოდით: "ტყუილია! შენ მზერა ჩამქრალი გაქვს, ხმა-უსიცოცხლო, ვხედავ, რომ რაღაც გიჭირს. შენს თვალებში შიშს, თუ რაღაც სხვას ვხედავ.ნუ თვალთმაქცობ, ნუ ტყუი, ნუ მეუბნები, რომ კარგად ხარ - ეს სიცრუეა; შენ სული გტკივა, შენ გეშინია, შენ მარტოობას განიცდი და შენ აღარ გჯერა, რომ შენი მეგობარი, უახლოესიც კი, გამოგეხმაურება; შენ მე არ მენდობი, იმიტომ, რომ ადამიანური თანაგრძნობის რწმენა დაკარგე..."

- ვაჟკაცობა იქნება, ეს ვუთხრათ,გადავაშლევინოთ გული, მაგრამ ამას ხშირად არ ვაკეთებთ, რადგან, რომ დაინახო - ნიშნავს შენს თავზე სოლიდარობა, პასუხისმგებლობა აიღო; ისე შეხვიდე სხვა ადამიანის ცხოვრებაში, როგორც პავლე მოციქული მცნებად გვიტოვებს: "შეეშველეთ ერთმანეთს ტვირთის ზიდვაში."

ნაცნობთან შეხვედრისას, თუ ავადმყოფის მონახულებისას ეკითხებით: "როგორ ხარ?".. და ჩვენი ნაცნობი ან ავადმყოფი იმედით და შიშით შემოგვყურებს: ნუთუ ამ ადამიანმა დამისვა კითხვა,რომელზეც პასუხს ელოდება? ნუთუ ამ ადამიანს სურს, გაიგოს და, მაშასადამე, თავისი ბედი ჩემსას დაუკავშიროს?თვალებში, ხმაში, იმედიც არის და შიშიც. და ადამიანი ხშირად პასუხობს: არა მიშავს, გმადლობთ... და ხშირად ჩვენ ვჯერდებით ამ პასუხს;

ამ სიტყვებმა ჩვენ გაგვათავისუფლეს, მათ არ ჩაგვითრიეს თავის ბედში, მათ არ მოითხოვეს ჩვენი თანაგრძნობა, მან არ თქვა ის სიტყვები, რომლის შემდეგაც გულგრილად ვეღარ ვაქცევ ზურგს; მე ვუყურებდი და მის თვალებში ვედრებას, იმედს, შიშს ვხედავდი - მაგრამ თვალები დავხუჭე... მან თქვა "არა მიშავს", ანუ, არც ისე ცუდად არის, ეს ნიშნავს რომ შეიძლება ცოტათი კარგადაც არის...

მაგრამ კარგად რომ მოგესმინა, თვალებში რომ ჩაგეხედა და მისი გამომეტყველება დაგენახა - ასე ვეღარ წახვიდოსი... მაგრამ თუ მას დაუშვებ, უნდა გამოეხმაურო, არა მარტო სიტყვით, საქციელითაც: გაამხნევო, გვერდით დაუდგე, მოვლენებში ჩაერთო, რაც შეიძლება დაუსრულებელი აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა ფიქრობს:

ნუთუ საკუთარი დარდი არ მყოფნის? საკუთარი საზრუნავი? ან, უბრალოდ: ნუთუ ამ დღეს, ასეთ მშვიდსა და წყნარს, სიხარულით სავსეს, ამ ერთი კაცის სიტყვის გამო ჩავიშხამებ? დიახ, მე ის მიყვარს, მაგრამ მას შეუძლია ერთი სიტყვით ყველაფერი გააფუჭოს; ნათელი გაზაფხულის დღე ზამთრის მოღრუბლულ დღეს დაემსგავსება... მას არა უშავს, მე კი უამრავი სხვა საქმე და საზრუნავი მაქვს... და გავცილდებით, "ჩვენს გზაზე" მივდივართ...

სახარებაში არის ბევრი ადგილი, რომლებიც, პირდაპირ ვიტყვი, დიდად არ გვაღელვებს.ზოგადად ვეთანხმებით: ნუ, თუ ღმერთი ასე ფიქრობს, რატომაც არა?.. ეს ჩვენ არ გვეხება, მაგალითად, რაღაც იგავები, რომლებიც პირდაპირ არ ეხება ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ რომ პატიოსნები ვიყოთ, ვიტყოდით: არა, ღმერთო, ეს - არა, გმადლობ!..

მახსოვს, ერთხელ ვლაპარაკობდი ნეტარების მცნებებზე. მე მყავს ერთი ღვთისმოსავი მრევლი, რომელიც მისმენდა, მისმენდა და თქვა: "იცით, მამა ანტონ, თუ თქვენ ამას ნეტარებას უწოდებთ, შეგიძლიათ თქვენთვის დაიტოვოთ, ეს ნეტარება მე არ მჭირდება... სინამდვილეში: სიღატაკე, გოდება, შიმშილი, წყურვილი, და კიდევ, იყო დევნილი, და კიდევ - ეს და ის, და ამას ნეტარებას უწოდებთ? - დიდი მადლობა!"

მან პირდაპირ, მოჭრილად მაინც თქვა. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ზრდილობიანად ვამბობთ: ოო, დიახ! - და მაშინვე მივბრუნდებით.ჩვენ ყველას შეგვიძლია ათობით ადგილის ციტირება, რომლებმაც - ოოო, დიახ! - ჩვენ ოდესღაც აგვაღელვეს, შემდეგ კი დავწყნარდით - შემდეგ ადგილამდე.

და ჩვენ ვეძებთ და გვინდა, რომ ღმერთმა ხვალ კიდევ რამე გვაჩვენოს; გუშინდელი უკვე წავიკითხე, განვიცადე, ახლა კი დღეს - ახალს ველი. ღმერთი ამბობს: ო, არა! რა უქენი გუშინდელს? გუშინ მე გითხარი: გააკეთე ესა და ეს. მაგალითად - შეურიგდი. შენ არ შეურიგდი; მაშ, დღეს რატომღა გითხრა: "წადი უდაბნოში", როცა შენ მაინც არ წახვალ... აი, ასე ხუნდება და მოსაწყენი ხდება წმინდა წიგნი, რადგან ის კეთებით ცოცხლდება..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100