ტრაილერის მძღოლს რამდენიმე ათასი ევრო გზატკეცილზე გაეფანტა (ვიდეო)

ჰოლანდიის ერთ–ერთ ავტომაგისტრალზე, A2 გზატკეცილზე მოძრავი ტრაილერის მძღოლს მეტად უცნაური შემთხვევა გადახდა თავს: მას მაატრიხტის მიმართულებით ე.წ. „ქეში“ – რამდენიმე ათასი ევრო გადაჰქონდა, რომელიც სპეციალურ სათავსში იყო ჩამონტაჟებული. მოულოდნელად, კასეტა მანქანიდან გადმოვარდა და ბეტონის საფარზე დაიშალა.

ბუნებრივია, რამდენიმე ათასი ევროს კუპიურები მაგისტრალზე გაიფანტა, რამაც მაშინვე საცობი შექმნა: მანქანებიდან გადმოსულმა მოქალაქეებმა ფულის შეგროვება მძღოლის თვალწინ დაიწყეს, რომელიც კუპიურებს თვითონაც აგროვებდა. ჩავლილი მანქანებისგან გამოწვეული ჰაერის ნაკადი ფულს აფრიალებდა და სხვადასხვა კუთხეში აქუჩებდა.

თავდაპირველად მძღოლმა ჩათვალა, რომ მოქალაქეები მის დასახმარებლად შეჩერდნენ, მაგრამ იმედი გაუცრუვდა: დაახლოებით 30 ადამიანიდან მხოლოდ ერთადერთი აღმოჩნდა ის, ვინც მოგროვილი კუპიურები მძღოლს მიუტანა და უკლებლივ დაუბრუნა. რამდენიმე ადამიანმა ტელეკამერების მოსვლამდე მოასწრო ფულის მოგროვება და მიმალვა, მაგრამ უმრავლესობა ისე დახარბდა იოლ ფულს, რომ კამერებსაც არ შეეპუა და ფულის მოგროვება–მისაკუთრება გააგრძელა.

მართალია, „ევრონიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ამ მოქალაქეების სახეები არ ჩანს, მაგრამ პოლიციამ ყველა მათგანი გაშიფრა და ყველას მიუვა შეტყობინება, ნებაყოფლობით დააბრუნოს მითვისებული თანხა.

წინააღმდეგ შეთხვევაში, მათ მიმართ სხვისი ქონების დანაშაულებრივი გზით მითვისების გამო სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ. ჯერჯერობით არ დასახელებულა ფირმა ან კერძო პირი, რომლისთვისაც ტრაილერს ფული „ქეშად“ მიჰქონდა.

კომენტარი