სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველები „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერაზე: „დარბაზი სავსე იყო და თანაც, სულ ამერიკელებით...“

ალბათ, ყველას გახსოვთ გასული კვირის ბოლოს რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ საზეიმო ინტონაციით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ–იორკის კინოთეატრებში, სადაც „აგვისტოს ხუთი დღის“ პრემიერა შედგა, ფილმის ჩვენება ჩავარდა, რადგან მას 10 კაცი ესწრებოდა. ზოგი რუსული მედიასაშუალება უფრო „გულუხვი“ აღმოჩნდა და 15 კაცი ესწრებოდაო, აღნიშნა, მაგრამ მერე დაამატა – ხუთმა დარბაზი ფილმის დამთავრებამდე დატოვაო...

ეს ინფორმაცია არანაკლები სიხარულით აიტაცა ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ და საინფორმაციო სააგენტომ. როგორც ჩანს, რუსული მედიისადმი ნდობა იმდენად მაღალია, რომ ინფორმაციის გადამოწმება ნიუ–იორკში და, ზოგადად, აშშ–ში მყოფ ქართველებთან არც უცდიათ. სიტყვასიტყვით ნათარგმნმა ინფორმაციამ მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა.

„დრონი.ჯი“ დაინტერესდა, რამდენად ობიექტურად გააშუქეს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა „აგვისტოს ხუთი დღის“ ნიუ–იორკში ჩვენების თემა. გაირკვა, რომ გასული „უიქ–ენდზე“ „აგვისტოს 5 დღე“ სულ ორ კინოთეატრში უჩვენეს. მათგან ერთ–ერთი მანჰეტენზე მდებარე „ანჯელიკა სინემა“ იყო, სადაც პრემიერას რენი ჰარლინიც ესწრებოდა და მაყურებელთა შეკითხვებსაც უპასუხა. როგორც ნიუ–იორკში მცხოვრები ქართველები აცხადებენ, ბილეთის ფასი 12–15 დოლარი ღირდა, დარბაზში კი თავისუფალი ადგილი არ იყო.

„...ქართველებმა ძალიან გვიან გავიგეთ, სრულიად შემთხვევით, რომ პრემიერის ჩვენება იგეგმებოდა – არანაირი რეკლამა არ ყოფილა წინასწარ, იმის მიუხედავად, რომ ვცდილობდით, არ გამოგვრჩენოდა... ამით იმის თქმა მინდა, რომ დარბაზში მყოფთა უმრავლესობა სულაც არ იყო ქართველი, უფრო ამერიკელები მივიდნენ. რამდენიმე ადამიანისგან კი მოგვესმა ქართულად საუბარი, მაგრამ ძალიან ცოტანი ვიყავით. რენი ჰარლინმა, როგორც სჩვევია, ძალიან ამაღელვებლად და ზოგიერთ ქართველზე უფრო დიდი სიყვარულით ისაუბრა საქართველოზე. ამერიკელები ისეთ შეკითხვებს სვამდნენ, პირადად მე გაოცებული დავრჩი – ეტყობოდათ, რომ კარგად ერკვეოდნენ ჩვენი რეგიონის მიმდინარე მოვლენებში. ძალიან გვიან მივხვდით, რომ ამ ყველაფრის ჩაწერა შეგვეძლო და როცა მივხვდით, სამწუხაროდ, ძალიან გვიან იყო, ამიტომაც, რეჟისორთან სურათების გადაღებით დავკმაყოფილდით“, – უთხრა „დრონი.ჯი“ – ს აშშ–ში მყოფმა ციცი მუმლაძემ.

ბოლოს კი, იმას გავაკეთებთ, რის გაკეთებაც რუსულ საინფორმაციო საშუალებებსაც შეეძლოთ და ქართულსაც – ოფიციალურ ინფორმაციას მოვიძიებთ იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის თანხით შეივსო ფილმის სალარო. ვებ–გვერდ boxoficemojo.com–ის მონაცემებით (ორიგინალის გაცნობა შეგიძლიათ აქ ) ირკვევა, რომ ერთი „უიქ–ენდის“ დღეებში ორ კინოთეატრში ჩვენებით, საერთო ჯამში, ფილმმა 6.400 დოლარი მოიტანა. რა თქმა უნდა, ეს რეკორდული მაჩვენებელი არ არის, მაგრამ თუნდაც ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ერთი კაცის მიერ ბილეთში გადახდილი თანხა მიახლოებითაც რომ გამოიანგარიშო, უკვე სასაცილოდ ჟღერს რუსული საინფორმაციო საშუალებების მტკიცება, რომ ჩვენებას 15 კაცი ესწრებოდა და მათგან ხუთმა დარბაზი ფილმის დასრულებამდე დატოვა:

როგორც იტყვიან, მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100