სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ ჩუგოშვილი: რამდენიმე საარჩევნო უბანზე სხვადასხვა პირების უკანონოდ ყოფნის ფაქტი ფიქსირდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მათ შორის ქუთაისის 59-ე ოლქის N125 საარჩევნო უბანზე, სხვადასხვა პირების უკანონოდ ყოფნის ფაქტი ფიქსირდება.

მისი თქმით, საუბარია შპს „პრეს მედიის“ წარმომადგენლებზე, რომლებიც ბეჯებით იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბაზაში გადამოწმების შედეგად, ირკვევა, რომ ეს პირები არ არიან დარეგისტრირებულები, როგორც დამკვირვებლები.

„აღნიშნული პირები წარმოდგენილი არიან გაყალბებული მოწმობებით და ამგვარად ცდილობენ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს პიროვნებები წარმოადგენენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს ვთხოვთ გადაამოწმონ ეს ინფორმაცია. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარვმართოთ დღევანდელი დღე და დღევანდელი პროცესი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდ საარჩევნო გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით და მინიმალური დარღვევებით“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირებმა, რომლებიც კანონდარღვევით იმყოფებიან საარჩევნო უბანზე, დატოვონ აღნიშნული უბანი, ასევე, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ სახელმწიფო უწყებებმა, კერძოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე რაიმე სხვა სახის დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ წევრმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100