სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსულმა ავიაკომპანიამ მგზავრები აეროპორტში უპატრონოდ დატოვა

გაკოტრებული ავიაკომპანია ,,კონტინენტის“ მგზავრები ,,ინტერფაქსთან“ აცხადებენ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც მოსკოვის ,,დომოდედოვოს“ აეროპორტიდან დანიშნულების ადგილამდე გაფრენას ვერ ახერხებენ, რადგან ,,კონტინენტმა“ მათ გადაყვანაზე უარი განაცხადა. მგზავრების განცხადებით, მათ არ უზრუნველყოფენ საკვებითა და სასმელი წყლით. მგზავრებს შორის არიან ბავშვიანი ქალებიც, რომლთა უმრავლესობას უკვე პურის საყიდელი ფულიც აღარ დარჩათ.

,,რამდენი დღეა, რაც დამატებით თვითმფრინავს ველოდებით, თუმცა ის არსად არ ჩანს. ადმინისტრაცია ყურადღებას არ გვაქცევს, არც სასმელი წყალი მოაქვთ და არც საკვები. ჩვენი ბრალი ხომ არ არის, ავიაკომპანია თუ გაკოტრდა?“– განაცხადა ერთ–ერთმა მგზავრმა.

აეროპორტში, ადგილობრივების გარდა, უცხოელი ტურისტებიც არიან, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებას მოითხოვენ. ფრანგი ტურისტის თქმით, რუსეთის ავიაკომპანიამ მგზავრების უფლებები დაარღვია და ისინი აეროპორტში უყურადღებოდ მიაგდო.

,,ეს არის ჩვენი უფლებების დარღვევა, რადგან სანამ ჩვენ არ ვიკითხეთ თვითმფრინავის გაფრენის დაგვიანების მიზეზი, მანამ ჩვენთან კაციშვილი არ მოსულა. აეროპორტის ადმინისტრაციის მხრიდან სრული უყურადღებობაა. მე უკვე დავუკავშირდი საფრანგეთის ელჩს რუსეთის ფედერაციაში და ის დამპირდა, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა საფრანგეთში გადავფრინდე,“–აღნიშნა ფრანგმა ტურისტმა.

როგორც „რუსავიაციის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი იზვოლსკიმ განაცხადა, სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონებით, გაკოტრებული ავიაკომპანიის მგზავრებისთვის გამოიყოფა დამატებითი თვითმფრინავები, რომლებიც უზრუნველყოფენ მგზავრების დანიშნულების ადგილზე გადაყვანას. დამატებითმა თვითმფრინავმა კი იმიტომ დაიგვიანა, რომ ახლა სეზონურად დატვირთული დროა და ყველა თვითმფრინავი დაკავებულია.

ავიაკომპანია ,,კონტინენტმა“ გაკოტრების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რის შემდეგაც ექსპლუატაციის სერტიფიკატი გაუქმდა და ავიაკომპანიამ ფრენები შეწყვიტა. ბოლო მონაცემებით, ,,კონტინენტს“ აეროპორტის წინაშე 32 მლნ. რუბლის ოდენობის ვალი დაუგროვდა. „რუსავიაციის“ მიერ ავიაკომპანიისთვის სერტიფიკატის გაუქმების შედეგად, მან ფრენები შეწყვიტა, მისი მგზავრები კი რუსეთის სხვადასხვა აეროპორტებში, უპატრონოდ დარჩნენ. როგორც ცნობილია, ავიაკომპანიის გაკოტრებამდე 37 ათასი ბილეთი გაიყიდა. მარტო ერთ დღეში ,,კონტინენტს“ სამი ათასი მგზავრი უნდა გადაეყვანა.

,,ინტერფაქსის“ ინფორმაციით, მგზავრებმა ავიაკომპანიისა და „რუსავიაციის“ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159–ე მუხლით, თაღლითობის ბრალდებით აღიძრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100