ქართული ფილმის "სხვისი სახლი" ოპერატორი აზიურ ოსკარზეა წარდგენილი

რუსუდან გლურჯიძის ფილმის "სხვისი სახლი" ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ The Asia Pacific Screen Awards-ზე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვისაა წარდგენილი."სხვისი სახლი" საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული სამი მთავარი ჯილდო კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.
APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვება 2007 წლიდან ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბანში იმართება და მას ღონისძიების მნიშვნელობისა და მისი მასშტაბურობის გამო აზიურ ოსკარს უწოდებენ.
წელს დაჯილდოვების ცერემონიალი 24 ნოემბერს გაიმართება და მას სტუმრების რეკორდული რაოდენობა 1000 სტუმარი დაესწრება.რეკორდულია საკონკურსო ფილმების რაოდენობაც - 303 ფილმი 43 ქვეყნიდან.
ცნობილი ესპანელი ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ ქართველ რეჟისორებთან ხშირად თანამშრომლობს. იგი მუშაობდა ისეთ ქართულ ფილმებზე როგორებიცაა "მოირა", "ჩაიკა", "დაკარგული სოფელი" და სხვ.
ქართული ფილმი Asia Pacific Awards-ზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც სალომე ჯაშის "ბახმარო" ნომინირებული იყო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში.2015 წელს კი მიშა გომიაშვილი წარადგინეს საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში ფილმში "პრეზიდენტი" შესრულებული როლისთვის.

კომენტარი