19 წლის წინ დაგომისში ხელ შეკრულებ(ა)ი

სოჭთან, პატარა დასახლებაში, რომელსაც დაგომისი ჰქვია, 19 წლის წინ საქართველოსა და რუსეთს შორის ერთი შეთანხმება გაფორმდა, რომელმაც კარდინალურად შეცვალა საქართველოს უახლესი ისტორია. საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალები შევიდნენ, რომლებსაც „ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა, მხარეებს შორის მოსალოდნელი დაპირისპირების აღკვეთა და უსაფრთხოების ზონის შექმნა“ ევალებოდათ.

14 ივლისი ცხინვალის რეგიონში სწორედ 1992 წლიდან აღინიშნება, როგორც „მშვიდობისმყოფელთა დღე“. ამ დღეს რუსი ოკუპანტებიც აღნიშნავენ.

დოკუმენტს, რომელსაც დაგომისში ხელი ედუარდ შევარდნაძემ და ბორის ელცინმა მოაწერეს, სრულად ასე ჰქვია: „სოჭის შეთანხმება ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების შესახებ“, თუმცა მას ყველანი მაინც „დაგომისის ხელშეკრულების“ სახელით ვიცნობთ.

„შერეული სამშვიდობო ძალები“ – ასე ერქვა იმ სამხედრო კონტიგენტს, რომელიც რეგიონში ხელშეკრულების საფუძველზე შევიდა. თავიდანვე, ძირითადად, სამი ბატალიონი არსებობდა: ქართული, რუსული და ჩრდილოეთ ოსეთის მიერ დაკომპლექტებული. ამავე ხელშეკრულების ტანახმად, უნდა სექმნილიყო შერეული საკონტროლო კომისია, რომლის შემადგენლობაში ცალკე მხარეებად შედიოდნენ ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები. ამ ხელშეკრულების მიხედვით ქართული მხარის ერთადერთ მიღწევად ცხინვალში ეუთოს მისიის წარმომადგენლობის განთავსება შეიძლება ჩაითვალოს.

„სოჭის შეთანხმების“ სრული ტექსტი:

რუსეთის ფედერაცია და საქართველოს რესპუბლიკა, ესწრაფვიან რა კონფლიქტის მოგვარებასა და ქართველებსა და ოსებს შორის სისხლისმღვრელი ომის დასრულებას, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენის სურვილით ხელმძღვანელობენ. ადასტურებენ რა გაეროს დებულებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის ერთგულებას, ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებების პატივისცემით ხელმძღვანელობენ, ასევე პატივს სცემენ ეროვნული უმცირესობების უფლებებს და ითვალისწინებენ მიმდინარე წლის 10 ივნისს ყაზბეგში ხელმოწერილ შეთანხმებებს, ეთანხმებიან შემდგომ ქვემოთმოყვანილს:

მუხლი 1
1. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მომენტიდან მოწინააღმდეგე მხარეები იღებენ ვალდებულებას მიიღონ ყველა ზომა შეიარაღებულ შეტაკებებისა და ცეცხლის სრულ აღსაკვეთად 1992 წლის 28 ივნისისათვის.

2. ცეცხლის შეწყვეტის მომენტიდან 1992 წლის 29 ივნისიდან მოწინააღმდეგე მხარეები იღებენ ვალდებულებას გაიყვანონ საკუთარი Eშეიარაღებული ფორმირებები დერეფნის შესაქმნელად. ფორმირებების გაყვანა სამი დღეღამის განმავლობაში ხორციელდება. დერეფნის სიფართოვეს ერთობლივი დამკვირვებელთა ჯგუფები განსაზღვრავენ.

მუხლი 2
კონფლიქტის რაიონის დემილიტარიზაციისა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების კონფლიქტში შესაძლო ჩართვისგან თავის აცილების მიზნით რუსული მხარე ცეცხლის შეწყვეტიდან 20 დღის განმავლობაში ცხინვალის რაიონში დისლოცირებულ 37-ე საინჟინრო-განმნაღმველთა პოლკსა და 292-ე სამხედრო ვერტმფრენების პოლკს გაიყვანს თავისი დანაყოფებითა და მომსახურების უზრუნველყოფით.

მუხლი 3
1. ცეცხლის შეწყვეტაზე, შეიარაღებული ფორმირებების გაყვანაზე, თავდაცვის ძალების დაშლაზე და აღნიშნულ ზონაში უსაფრთხოებაზე კონტროლის დამყარების მიზნით იქმნება შერეული საკონტროლო კომისია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან კონფლიქტში ჩართული მხარეები, კომისია თავის ფუნქციებს ყაზბეგის მოლაპარაკებების საფუძველზე შექმნილ სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფთან ურთიერთქმედებაში შეასრულებს.

2. კომისიის მუშაობაში ჩართული ყველა მხარე ნიშნავს თავის წარმომადგენელს. საკონტროლო კომისიის ადგილმდებარეობა არის ქალაქი ცხინვალი.

3. საკონტროლო კომისიის მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად მხარეთა შეთანხმების მიხედვით იქმნება მშვიდობის უზრუნველყოფისა და მართლწესრიგის დაცვის შერეული ძალები. კომისიასთან ასევე შეიქმნება დამკვირვებელთა ჯგუფები რომლებიც უსაფრთხოების ზონის პერიმეტრზე განთავსდება.

4. საკონტროლო კომისია და მასთან არსებული ძალები დაუყოვნებლივ იწყებენ მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

5. არსებული შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში საკონტროლო კომისია ატარებს გამოძიებას და მიმართავს უსწრაფეს ზომებს მართლწესრიგისა და მშვიდობის აღდგენისათვის.

6. საკონტროლო კომისიისა და მასთან არსებული ძალების დაფინანსება ხორციელდება მხარეთა მიერ თანასწორ წილობრივ საფუძველზე.

მუხლი 4
მხარეები დაუყოვნებლივ იწყებენ მოლაპარაკებებს კონფლიქტის ზონაში მდებარე რაიონების ეკონომიკური აღდგენისათვის და დევნილთა დაბრუნების პირობების შექმნისათვის. მხარეები მიიჩნევენ დაუშვებლად ეკონომიკური სანქციებისა და ბლოკადის განხორციელებას ან სხვა რაიმე სახის წინაღობის განხორციელებას საქონლის ბრუნვის, ადამიანების მომსახურების და ჰუმანიტარული დახმარების განხორციელების გზაზე.

მუხლი 5

მხარეები უნდა ესწრაფვოდნენ კონფლიქტის დარეგულირების პროცესის მედიითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პროცესის ობიექტურ და დაბალანსებულად გაშუქებას. ამ მიზნით კომისიის მიერ ფუძნდება მრავალმხრივი პრესცენტრი.

მუხლი 6
არსებული ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან. შექმნილია სოჭში 1992 წლის 24 ივნისს სამ ეგზემპლარად - ქართულ, რუსულ და ოსურ ენაზე, ამასთან ტექსტებს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვთ.

ხელშეკრულებას ხელს აწერენ:
რუსეთის ფედერაციის მხრიდან: ბ. ელცინი
საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან: ე. შევარდნაძე, ა. გალაზოვი, ტ. კულუმბეგოვი.
სოჭი 1992 წელი.

კომენტარი