საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის

2016 წლის 25 აგვისტოს 9:30 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის N55 აუდიტორიაში გაიხსნება საზაფხულო სკოლა სახელწოდებით - „დიგიტალური ჰუმანიტარია - ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაცია“.

საზაფხულო სკოლის მიზანია დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარება საქართველოში, ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაციის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების შესწავლა, აღნიშნული პროფილის ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გაცნობა, საველე სამუშაოების ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტუდენტებს საშუალება მიეცემათ 7 დღის განმავლობაში მოუსმინონ ქართველი და ევროპელი მეცნიერების თეორიულ ლექციებს, თავად ჩაიწერონ მასალები საზაფხულო სკოლის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში, მოახდინონ მოპოვებული მასალების ელექტრონული დოკუმენტაცია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და წარმოადგინონ საზაფხულო სკოლაში მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სამუშაოს ბაზაზე დამუშავებული საპრეზენტაციო მოხსენება.

27-29 აგვისტოს საზფახულო სკოლის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო ვორკშოფი ენათა დოკუმენტირების საკითხებზე. ვორკშოფს ჩაატარებენ დოკულინგვისტიკის სფეროში მომუშავე ევროპელი ექსპერტები: დოკულინგვისტიკის ფუძემდებელი - ნიკოლაუს ჰიმელმანი და ნეიმეხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის ენების არქივის ხელმძღვანელი - სებასტიან დრუდე.

საზაფხულო სკოლა ტარდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე.

კომენტარი