„სახელმწიფო ფრთხილად, გეგმაზომიერად, არგუმენტირებულად უნდა ერეოდეს რეგულაციებში“

სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტებზე ფასი კლებულობს. ამის შესახებ, ფანასკერტელის ინდექსზე დაყრდნობით, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია აფბაში აცხადებენ. ასოციაციის მიერ შემუშავებული ფანასკერტელის ინდექსის მიხედვით გასული ოთხი თვის მანძილზე სამედიცინო პრეპარატებზე ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. მათი დაკვირვებით, იანვრიდან მარტამდე 50 დასახელების პრეპარატზე შეიცვალა ფასი.

ახლახან, ეს ფაქტი დაადასტურეს ფარმაცევტულმა კომპანიებმაც და ძირითად მიზეზად ლარის კურსის გამყარება დაასახელეს. სპეციალისტთა ნაწილი ამ პროცესს ასევე უკავშირებს ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას.

ფარმაცევტული ბაზრის ტენდენციებზე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ხეჩინაშვილი საუბრობს:

„არავითარი მიზეზი არ მაქვს, აფბა-ს კვლევა ეჭვქვეშ დავაყენო. უნდა ჩატარდეს კიდევ ალტერნატიული კვლევებიც,რომ ვისაუბროთ ფასების კლებასა თუ მატებაზე. თუ წამლების ფასი მართლაც მცირდება, ნამდვილად მისასალმებელია.ვიცი, რომ ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ ბაზარზე, ვიცი, რომ გენერიკების შემოტანაზეა ლაპარაკი. ლოგიკა და პროფესიული გამოცდილება მკარნახობს, რომ წესით, უნდა დაიკლოს ფასებმა. მაგრამ შეფასებებში მაინც ფრთხილი ვიქნები“, –აცხადებს ხეჩინაშვილი

მისი მოსაზრებით, „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლით ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება:

„რასაკვირველია, ბაზრის გახსნა ხელს უწყობს კონკურენციის ზრდას, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს. რაც მეტი, მით უკეთესი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენად ხარისხიანი იქნება წარმოდგენილი პროდუქცია. ამისათვის კი არსებობს შეფასების საყოველთაოდ მიღებული ნორმები“.

პარლამენტარი, ასევე, საუბრობსწამლების ფასების რეგულაციაშისახელმწიფოს როლზე:

„ეს სენსიტიური თემაა, ერთი მხრივ, თავისუფალი ბაზარი და მემარჯვენე იდეოლოგია, რომელიც ბაზრის მიმართ მაქსიმალურად ლიბერალურია. მეორე მხრივ, ჯანდაცვა ერთობ სპეციფიკური სფეროა. ეს არ არის მხოლოდ კომერცია. სახელმწიფო ფრთხილად, გეგმაზომიერად, არგუმენტირებულად უნდა ერეოდეს რეგულაციებში,”– აღნიშნა გიორგი ხეჩინაშვილმა.

აღნიშნულ თემაზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გუგული მაღრაძე საუბრობს:

„ფასების კლება ნიშნავს იმას, რომ ახალი მოთამაშის შემოსვლამ ბაზარზე სასარგებლო საქმე გააკეთა. ეს მოწმობს, რომ მოგების მარჟა იყო იმაზე მაღალი, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ცხადია, წაგებაზე არც ერთი კომპანია იმუშავებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მედიკამენტები გაიაფდა, ნიშნავს, რომ მოგება ჰქონდათ ძალიან გაბერილი. ახლა შედარებით დარეგულირდება სიტუაცია და მათი მოგება უფრო რეალისტური გახდება. ახალი მოთამაშის შემოსვლამ შექმნა კონკურენცია, ხოლო კონკურენცია განაპირობებს ფასების რეგულაციას. მითუმეტეს, როდესაც „ჰუმანითი ჯორჯიასთან“ კარტელური გარიგებები გამორიცხულია. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება კიდევ დაიწიოს ფასებმა, ხოლო თუ ბაზარზე შემოვა კიდევ მეტი ახალი მძლავრი ფარმა–მოთამაშე, ფასების დაწევა უფრო მეტად იქნება შესაძლებელი“.

მაღრაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გამყარებაზე მეტად, მედიკამენტებზე ფასების დაწევა სწორედ ახალი მოთამაშის გამოჩენითაა გამოწვეული:

„მე მაინც მგონია, რომ როდესაც შემოდის ახალი მსხვილი კომპანია, სწორედ ეს ახდენს გავლენას ბაზრის ტენდენციებზე. ახალ კომპანიას სჭირდება მიიზიდოს კლიენტი. ამიტომ, ის გაცილებით მცირე მოგებაზე იმუშავებს და დაწევს ფასს. მომხმარებლისთვის კი რა მნიშვნელობა აქვს, რა ჰქვია კომპანიას?! მთავარია, მივიდეს და ხარისხიანი მედიკამენტი შეიძინოს იაფად. ასე რომ, გარდა ლარის კურსის შედარებითი დასტაბილურებისა, ეს ფაქტიც იწვევს მედიკამენტების გაიაფებას,“ – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარი