ქართველი მასონები „იატაკქვეშეთიდან“ ამოსვლას გეგმავენ

თავისუფალ კალატოზთა (მასონთა) ქართული ლოჟა 90-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ამოქმედდა. იმ ქართველმა მასონებმა, რომლებიც უკვე არიან ორდენის წევრები საზღვარგარეთ სხვადასხვა ლოჟაში, საქართველოში შექმნეს მასონური კლუბი, რომელიც იქცა კანდიდატთა შეხვედრისა და გეგმების განხილვის ადგილად. აღსანიშნავია, რომ მასონების მიმართ საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციის გათვალისწინებით, კლუბის ადგილმდებარეობა, კანდიდატთა სია და შეხვედრების პერიოდულობა, ფაქტობრივად, გასაიდუმლოებულია.

„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ქართველი მასონები „იატაკქვეშეთიდან“ ამოსვლას აპირებენ. სწორედ ამ მიზნით სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დროდადრო ქვეყნდება ცნობები იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა ამჟამად მასონთა ქართული ლოჟის საქართველოში გადმოტანის გეგმა.

ერთ-ერთი ორდენის წევრი მასონის ინფორმაციის თანახმად, სწორედ თბილისში მოქმედი, მასონური კლუბის საფუძველზე მაისში შეიქმნა გარკვეული უფლებამოსილებით აღჭურვილი დროებითი ქართული ლოჟა, რომელიც ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, ჯერჯერობით, მხოლოდ სხვა ლოჟის იურისდიქციის ქვეშ მოქმედებს. ქვეყანა არ სახელდება, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ქართულ მასონურ ლოჟას „ოქროს საწმისი“ ჰქვია და მასში გაწევრიანება, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ქართველ კანდიდატებს შეუძლიათ.

დაგეგმილია ქართული ლოჟის გადმოტანა თბილისში, რისთვისაც უკვე ტარდება ღონისძიებების მთელი რიგი. ლოჟის თბილისში გადმოტანა წლის ბოლოს იგეგმება, მანამდე კი თბილისში რამდენიმე ქვეყნის მასონური საძმოს „დიდი ოსტატი“ და დიდი ლოჟის კომიტეტის წარმომადგენლები აპირებენ ჩამოსვლას, რათა კანდიდატები გაიცნონ და საქართველოში არსებული სიტუაცია შეისწავლონ.

2012 წლის თებერვალში ამ ლოჟის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი ქართული მასონური ლოჟა შეიქმნება, ხოლო მესამე ლოჟის გახსნის შემდგომ საქართველოში სუვერენული (დამოუკიდებელი) დიდი ლოჟაც გაიხსნება.
როგორც „ფეისბუქზე“ შექმნილ „ქართული მასონური ორდენის“ გვერდზე იუწყებიან, „დიდი სტუმრები საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვლენ“.

შეგახსნებთ, რომ მასონთა ქართული ლოჟა საქართველოს ტერიტორიაზე ბოლოს 90 წლის წინ მოქმედებდა და მისი ბევრი წევრი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირი იყო. ქართველ მასონთა ლოჟის წევრები იყვნენ პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე კიტა აბაშიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის(1918-1921წწ) საგარეო საქმეთა მინისტრი - ევგენი გეგეჭკორი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი - ნიკოლოზ ჩხეიძე და სხვები.

კომენტარი