მეფე, რომელიც მონა აღმოჩნდა...

დრონი.ჯი-ს პუბლიკაციებს ბაგრატიონთა შტოებს შორის არსებულ კამათთან დაკავშირებით გამოეხმაურა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი, სამეფო (მინარქისტული) კლუბის წევრი გიორგი ბურჯანაძე. ჩვენ ჩავწერეთ მასთან ინტერვიუ, რომელმაც ბევრი საკითხი განმარტა მკითხველისათვის.
- პრესაში გამოჩნდა აზრი, რომ თქვენ მხარს არ უჭერთ დავით ბაგრატიონს. თქვენს აზრს თუ იზიარებენ სხვა წრეებში?
- ჩემი აზრი არაერთხელ გამოვთქვი მონარქისტების შეხვედრებზე. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვუჭერდი მხარს 2009 წლის 8 თებერვალს გამართულ ქორწილს. მიმაჩნდა რომ ამ ქორწინების შედეგად თუ მოევლინებოდა ვაჟი ქვეყნიერებას, ის იქნებოდა სრულფასოვანი, საქართველოს ტახტის მემკვიდრე. მაგრამ, ზოგიერთი პიროვნების საქციელმა მონარქისტული წრეების ოცნებებს წერტილი დაუსვა, რაც ძალიან სამწუხაროა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თუკი საქართვე.ლოში ლაპარაკი იქნება მონარქიის აღდგენაზე მომავალში, სწორედ ეს პიროვნება შეიძლება იყოს იოანე ბაგრატის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი, რომელიც წარმოადგენს შესაფერის კანდიდატურას საქართველოს სამეფო ტახტზე. მაგრამ აქვე უნდა წამოვაყენოთ პირობები, რომლებიც მან უნდა დააკმაყოფილოს, რათა შემდგომში ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში აღარ აღმოვჩნდეთ. ჩვენ ჩვენსავე გაკვეთილებზე მაინც ვისწავლოთ.
- თქვენ ახსენეთ კატასტროფული ვითარება, რას ნიშნავს და ვისი ბრალია ეს?

- კატასტროფა შემთხვევით არ ვახსენეთ, მინდა მერწმუნოთ რომ ვითარება ფრიად სავალალოა. ჩემი პირადი ღირსება არ მაძლევს უფლებას, რომ დავკონკრეტდე და ვილაპარაკო იმ სამარცხვუინო ვითარებაზე, რაც მოხდა...

- რა მოხდა?

- ეს პრესაში პირველად გამოაქვეყნა დავით ბაგრატიონის ოჯახის ახლობელმა, მანანა ხომერიკმა, შეგიძლიათ გაეცნოთ.

- დავით ბაგრატიონმა თავის შესაძლო შვილზე იეჭვიანაო?

- დიახ. როგორც ეტყობა, მას არ მოეწონა ჩვენი პოზიცია, რომ ბავშვი გაზრდილიყო შესაბამისად ბავშვობიდან სამეფოდ და ფაქტობრივად თავის შესაძლო მომავალ შვილზე უარი თქვა.

- რას ჰქვია შვილზე უარის თქმა?

- არ ინდომა ჰყოლოდა კონკურენტი მას. თუმცა არ ესმის, რომ ის საქართველოს მეფე ვერასდროს გახდება?

- რატომ?

- იმიტომ, რომ ის არ არის ერთადერთი კანდიდატი, იმიტომ, რომ შტოებს შორის კამათია, იმიტომ, რომ ქართლ-კახეთს ჰყავს თავისი მემკვიდრე, დავითის ყოფილი მეუღლის მამა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი (რომელსაც არ ჰყავს მამრობითი სქესის მემკვიდრე). იმიტომ, ის ქორწინება ნუგზარის ასულსა და დავითს შორის, იყო ორი პრეტენდენტი მხარეების გაერთიანების თუ დაზავების პირობა.

დინასტიური ქორწინების იდეა თავიდან ჩვენს სამეგობრო წრეში დამუშავდა. საქართველოში არსებობს სამეფო კლუბი. არსებობს ამის შესახებ იდეოლოგია, პროპაგანდა. პატრიარქის მხარდაჭერით ამ იდეამ განხორციელება შეძლო. თუმცა მერე სხვა შინაარსი შეიძინა.

არა მარტო ჩვენ გაგვიცრუა იმედი დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა (აღარ ვამბობ მუხრანბატონიშვილს), არამედ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტს, მონარქისტულ იდეას დინასტიას სერიოზული, დარტყმა მიაყენა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საქციელი, მისი დამოკიდებულება ეკლესიისადმი, ქართველი ხალხისადმი, ტრადიციებისადმი, ქართული ენისადმი, იმ ხალხისადმი, რომლებმაც მას პირველი ბილიკები გაუკვალეს საქართველოში, არ შეეფერება რაინდის ეტიკეტს.

დავით ბაგრატიონმა ისეთი გარემოცვა შეიქმნა, რომელმაც სწრაფად დაამთავრებინა არა თუ მომავალი სამეფო ოჯახის თავის, არამედ ამაზე პრეტენდენტის კარიერაც კი.

- რამის ხომ არ შეეშინდა დავით ბაგრატიონს?

- გულისხმობთ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ან საშიშროებებს? ან ხელისუფლების მხრიდან რაიმე შეთავაზებებს?

- რა ვიცი, ყველაფერს.

- ასეც რომ ყოფილიყო, საქმე ქორწინებამდე არ უნდა მიეყვანა. მეორე, საქმე ეხება ქვეყნის კეთილდღეობას, დინასტიის, ეკლესიის, ერის პრესტიჟს.
- ხომ არ თვლით, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილთან ქორწინებით მან სააკუთარი პრესტიჟი ასწია და თავისი პირველობა, როგორც მამრობითი სქესის ტახტის პრეტენდენტისა ბაგრატიონების სხვა შტოებს, ეკლესიას და მთელს ქართველ ხალხს აღიარებინა?

- მერე რა მიიღო შედეგად?! პირიქით - დაკარგა ყველაფერი და ფაქტი სახეზეა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი სერიოზული მონარქისტული წრე საქართველოში მას აღარ განიხილავს ტახტის პრეტენდენტად.

- კი მაგრამ, დავით ბაგრატიონის ბიძაშვილი იოანე ხომ საკუთარ შტოშიც კი არ არის უფროსი?

- არც დავით ბაგრატიონია საკუთარ შტოში და საკუთარ ოჯახში უფროსი. მას ჰყავს უფროსი ძმა ირაკლი. გარდა ამისა, მისი ოჯახი უფრო უკანაა მემკვიდრეობაში, ვიდრე ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, ევგენი ბაგრატიონ-გრუზინსკი, ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონი იმერეთიდან და მისი შვილი და შვილიშვილი.

ისე, ლეგიტიმიზმის, სრული კანონების დაცვა ახლა თითქმის შეუძლებელია, როდესაც დინასტიათა გაერთიანების მცდელობა ასეთი კრახით დასრულდა. ეს გვიბიძგებს პრაგმატიზმისკენ.

- რა არის ეს პრაგმატიზმი?

- იოანე ბატონიშვილი არის ესპანეთის სამეფო ოჯახის უახლოესი ნათესავი. მისი მამა, დავითის მამის ნახევარძმა, ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი ი ბავიერა ი ბურბონი გახლავთ ესპანეთის მეფის უახლოესი ნათესავი. ბაგრატის დედა, დედის მხრიდან იყო ესპანეთის მეფის შვილიშვილი. მამის მხრიდან კი ბაგრატ ბატონიშვილის დედა იყო ბავარიის მეფეების, ბავარიელების (ბავიერების), გვარად ვიტელსბახების ოჯახის წევრი. მათი ნათესავები არიან ევროპის არაერთი სამეფო საგვარეულოები.
ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას ბევრი შვილი ჰყავდა, მას ევროპის ბებიასაც კი უწოდებდნენ. ბაგრატ ბატონიშვილიც ვიქტორიას შთამომავალია. ბაგრატ ბატონიშვილის მამიდა, ლეონიდა, არის რუსეთის სამეფო ოჯახის დე იურე დედა-დედოფალი. ევროპელი სამეფო ოჯახები დარწმუნებული ვარ იოანე ბაგრატის ძეს დიდ მორალურ მხარდაჭერას გამოუცხადებენ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაფერი უნდა იყოს შეთანხმებული.

- თქვენ იოანე მიგაჩნიათ თუ მისი შესაძლო ვაჟი მემკვიდრედ? ხომ თვლიდით, რომ სამეფოდ ბავშვი უნდა აღიზარდოს მცირეწლოვნობიდან?

- ეგ უნდა განვიხილოთ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან ჩვენი მომავალი ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატულ-პოლიტიკური და არა ცერემონიალური.

მონარქია ჩვენ გვინდიოდა ქვეყნის გასაერთიანებლად, საეთაშორისო პრესტიჟის ასამაღლებლად და არა რომელიმე ფენის, ოჯახების თუ პიროვნების კეთილდღეობისათვის.
რედაქციისაგან: დავით და ანა ბაგრატიონების ქორწინება ცოტა ხნის წინ კრახით დასრულდა. დიდი პომპეზურობით გადახდილი ქორწილი კი მხოლოდ შირმა და მონარქისტული იდეის დეკორაცია აღმოჩნდა. იგეგმებოდა, რომ ბაგრატიონთა ქორწინებით და მონარქისტული იდეის პროპაგანდით ესარგებლათ როგორც რუსეთში, ისე იმ ძალებსაც, რომელსაც სათავეში ბორის ბერეზოვსკი და ბადრი პატარკაციშვილი ედგნენ. თუმცა, როგორც ჩანს, მეფე, რომლის ქორწინებაზეც იმედებს ამყარებდნენ, საბოლოო ჯამში, მონა აღმოჩნდა. დავით ბაგრატიონს არც მეფის გამჭრიახობა აღმოაჩნდა და არც - გონიერება. შესაბამისად კი, მონარქისტულმა იდეამ ძალიან დიდი ხნით „დაიძინა“ და ვინ იცის, იქნებ ვეღარც კი გაიღვიძოს...


კომენტარი

×