სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილი: მოსახლეობას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ სახლებიდან გამოსვლისგან

ვითარება ძალიან რთულია და ზარალი საკმაოდ სოლიდური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ზარალი რომელიც სტიქიის შედეგად დედაქალაქს მიადგა და საკმაოდ დიდია და მოითხოვს დროს, რათა ჩატარდეს აღდგენითი სამუშაოები. პრემიერის თქმით, ყველა სამსახურს, მათ შორის მერიის სამსახურებს, სამინისტროებს მიეცათ დავალება შექმნან სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ამ საკითხებზე იმუშავებენ. ამასთან პრემიერის თქმით, მან სთხოვა მთავრობის პიარსამსახურს, რომ მოსახლეობის ინფორმირება მოახდინონ მაქსიმალურად დროულად. პრემიერმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ზოოპარკიდან გასულია ცხოველები და თავი შეიკავონ დედაქალაქში გადაადგილებისგან.
"ცხოველებია გასული და დაკარგულები. მოსახლეობას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ სახლებიდან გამოსვლისგან, თუმცა ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე მათ ეტაპობრივად მიეწოდებათ", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, გადაადგილების მარშრუტების შესახებ საპატრულო პოლიცია გამოაქვეყნებს ინფორმაციას.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, დაახლოებით რა ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად დედაქალაქს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამაზე ვერ ისაუბრებს. ამასთან მისი თქმით, ყველა ოჯახს გაეწევა შესაბამისი დახმარება.
"სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ დღეიდანვე, ამ წუთიდან", - განაცხადა პრემიერმა საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელსაც სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და სამაშველო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სხდომას ესწრებოდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ზარალის დათვლის კუთხით ფინანსთა სამინისტრო იმუშავებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100