ღარიბაშვილი: წლევანდელი წელი კიდევ უფრო ბარაქიანი იქნება

დღევანდელი მონაცემებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი კიდევ უფრო ბარაქიანი იქნება; ჩვენ დავიცავთ როგორც მეწარმის, ისე მევენახის ინტერესებს და გარწმუნებთ, რომ წლევანდელი რთველი შარშანდელზე უკეთესი იქნება,-განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმართველი 2014“–ის საკოორდინაციო შტაბში სტუმრობისას.

დღეს მთავრობის მეთაური გურჯაანში, “რთველი 2014”-ისსაკოორდინაციო შტაბს ეწვია. ის ადგილზე გაეცნო შტაბის მუშაობას და რთველის მონიტორინგის შედეგებს.

როგორც პრემიერს შტაბში განუმარტეს, კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეისთვის უკვე გადამუშავებულია 60 ათას ტონამდე ყურძენი. გლეხები ყურძენს რიგებისა და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, უპრეცედენტოდ მაღალ ფასებში აბარებენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ისევე როგორც შარშან, მევენახეობა–მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით, მოხდა როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე 35 თეთრს შეადგენს, 1 კგ საფერავზე - 15 თეთრს. ამ ეტაპზე რეალიზებულია 91 მლნ ლარზე მეტი ყურძენი.

პრემიერ–მინისტრის თქმით, რთველის წარმატება დიდწილად განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, მევენახეობა–მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით, 2013–2014 წლებში სწორად დაგეგმილმა და განხორციელებულმა პროგრამებმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დასეტყვილ და გვალვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო კომპანია იბარებს, რაც გლეხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"წინა ხელისუფლება გლეხს ვაზის გაჩეხვას აიძულებდა. მოსახლეობას ყურძნის ჩაბარება მიზერულ ფასებში უწევდა. ჩვენი მონაცემებით, წელს ყურძნის ჩაბარების შედეგად თითოეულმა ოჯახმა მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღო, ზოგ შემთხვევაში 100-200 ათასი ლარის ოდენობით. ეს ჩვენი ხელისუფლების სახელმწიფოებრივი მიდგომის შედეგია და რა თქმა უნდა, ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა რუსეთის ბაზრის გახსნისა და ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში უახლოეს მომავალში ქართული ღვინის საფირმო მაღაზია გაიხსნება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განმარტებით, „რთველი 2014“-ის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონული ბაზაში აღირიცხება. მიმდინარე წელს ყურძნის ხარისხის კონტროლთან ერთად, მკაცრი კონტროლი ხორციელდება ქარხნებიდან ჭაჭის უტილიზაციაზეც.

რთველთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, რომელიც 24 საათის განმავლობაში ემსახურება დაინტერესებულ პირებს.

კომენტარი